ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის სოფლის ერთ-ერთ სკოლაში საბაზისო საფეხურის დამთავრების შემდეგ წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი არ გადასცეს, რისი გასაჩივრების შემდეგაც პირს ლეპტოპი გადაეცემა – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პირს აკადემიური მოსწრების მიხედვით “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ტექნიკა უნდა გადასცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება საიამ სასამართლოში გაასაჩივრა და დავა საბოლოოდ მოსწავლის სასარგებლოდ გადაწყდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაავალა მოსწავლისათვის პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპის გადაცემა,” – ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში.
განათლების სამინისტროში გვპასუხობენ, რომ სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას.
“სასამართლო ამ შემთვევაში მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე ბავშვის ინტერესების გატარებას. იმისათვის, რომ ასეთი გაუგებრობები არ იყოს ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ელექტრონული ჟურნალი, სადაც განთავსებული ქულები იქნება გამჭვირვალე მასწავლებლისთვისაც, მოსწავლისთვისაც და მშობლისთვისაც,” – გვითხრეს უწყებაში.
კითხვაზე ისევ თვლიან, თუ არა რომ მოსწავლეს კომპიუტერი არ ეკუთვნოდა მისი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე ? – უწყებაში არ გვპასუხობენ.