საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები გადასცა. დღეს “კიდევ ერთი ისტორიული მომენტი” უწოდა ევროკავშირის ელჩმა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან სპეციალური კითხვარი მიიღო.
დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. ის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მთავრობის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, იგი 2 300 კითხვისგან შედგება, რომელსაც 13 მაისამდე უნდა უპასუხოს.
რაც შეეხება კითხვარის პასუხებს, ის ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის საჯარო არ არის, შესაბამისად სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვს დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადონ.
ასევე, კითხვარის მეორე ნაწილის შევსების პროცესი გახადონ მაქსიმალურად ინკლუზიური.