საქართველომ ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა – პრემიერ-მინისტრის თქმით, პასუხები ჯამში შვიდი წიგნი გამოვიდა.
ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას და ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. კითხვარის პირველი ნაწილი ღარიბაშვილმა ჰარცელს 2 მაისს გადასცა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა.