საქართველოს OGP-ს წევრობა შეუჩერდა

October 21, 2024

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. მიზეზები განმარტებული აქვს საკუთრივ ორგანიზაციას.

14 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში საუბარია, რომ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი “რუსული კანონის” გაუქმებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას” ემსახურებოდა, რომლის შესრულებასაც მთავრობა არ აპირებდა.

გახმოვანება: “მთავრობის მიერ შემაკავებელი კანონმდებლობის მუდმივი წინსვლის გათვალისწინებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სამოქალაქო სივრცეს, ისევე როგორც ამგვარი კანონმდებლობის კრიტიკოსების მუდმივი რეპრესიების გათვალისწინებით, შეფასება ასკვნის, რომ პირველი ეტაპის რეკომენდაციების შესრულება არ არის სიცოცხლისუნარიანი 2024 წლის 6 ნოემბრის თავდაპირველად შემოთავაზებულ ვადაში. ამ ვადის შეუძლებლობა საქართველოს მთავრობასაც ადასტურებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე მიიღო. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია იყო იმ 56 აქტორს შორის, რომელიც 2020 წელს ოქტომბერში ღია მმართველობის თანამშრომლობაში მოექცა.

მიიღო თუ არა ინფორმაცია წევრობის შეწყვეტის შესახებ ახალციხის მერიამ და რა პოზიცია აქვთ მუნიციპალურ ორგანოში. რა ბენეფიტები მოაკლდება ახალციხის მუნიციპალიტეტს წევრობის შეჩერების გამო ? – აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან, 6 ივნისს მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სწორედ OGP-ს პროგრამის მხარდაჭერით შეძლეს და დააფუძნეს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა.

რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რომლებსაც ახალციხელების უმრავლესობა მხარს დაუჭერს. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავდა შშმ პირების ჩართულობის გაზრდას სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებში და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

რამდენად ასრულებს არსებულ ვალდებულებას ახალციხის მუნიციპალიტეტი მაშინ როდესაც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაუარესებულია. მაგალითად ახალციხის მერია დღემდე არ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მიაქირავა ახალი ავტობუსები “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს, მოსახლეობის თბილისში “ოცნების” ღონისძიებაზე გადასაყვანად და რამდენმა მერიის და მასზე დაქვემდებარებული ააიპის თანამშრომლებმა აიღეს შვებულება ღონისძიებისთვის.

რა არის “ღია მმართველობის პარტნიორობა” და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის და მუნიციპალიტეტებისთვის – გვესაუბრება ლევან ავალიშვილი, IDFI-ს დამფუძნებელი. ორგანიზაცია ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს წევრი იყო და 11 ივნისს, რუსული კანონის გამო, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საბჭო დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი 2012 წელს გახდა. 2017 წელს კი საქართველო 1 წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.