საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება და დამარცხება HPV ვაქცინაციითა და სკრინინგით შესაძლებელია!

November 5, 2025
სკრინინგი, როგორც ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ქალებისთვის!

საშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება.

საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ეს ვერაგი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და მაშინ ვლინდება, როცა ბრძოლა უკვე ძალიან რთულია.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთია იმ დაავადებათაგან, რომლის თავიდან აცილებაც სრულად შესაძლებელია. HPV-ის (ადამიანის პაპილომავირუსის) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგი მისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა!

ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის შენარჩუნებას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპზე.

  • ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ეს ანა თოდუას ისტორიაა – 47 წლის ქალი, სამი შვილის დედა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, მან საშვილოსნოს ყელის კიბო დაამარცხა!

2018 წლის იანვრის ბოლოს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, წავედი სკრინინგის ჩასატარებლად,“ – უყვება ანა TOKTV.GE-ს. – „ჩემი მეგობარი ზუგდიდში სკრინინგის პროგრამების კოორდინატორი იყო. პირველივე გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ რაღაც რიგზე არ გახლდათ. დამატებითმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ მქონდა საშვილოსნოს ყელის მეორე სტადიის სიმსივნე.“

დიაგნოზის წაკითხვა ადვილი არ იყო, – იხსენებს ანა, – თუმცა მაშინვე გავიაზრე, რომ ბრძოლა უნდა დამეწყო. არ მქონდა უფლება დავნებებულიყავი.

ბრძოლა მეორე დღიდანვე დაიწყო. პარალელურად ანამ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია იკისრა – საუბარი იმაზე, რაზეც ბევრი ჩუმად არის.

Facebook-ზე ხშირად ვწერდი პოსტებს. ალბათ ქვეცნობიერად მეშინოდა და მინდოდა, ეს შიში გარეთ გამომეტანა. მინდოდა, ვყოფილიყავი მაგალითი სხვა ქალებისთვის, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ გზას.

სწორედ ამ შემართებით შეხვდა ის მკურნალობის ყველაზე მძიმე ეტაპს – ქიმიოთერაპიას:

პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ პოსტი დავწერეასეთი შინაარსით: ‘სიყვარული არის ქიმია, მუცელში პეპლები დაფარფატებენდა თუ ეს ასეა, მაშინ ქიმიას ვიღებ როგორც ახალი ცხოვრების სიყვარულს!” ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო, თუმცა  შემართებით ვიყავივიბრძოდი სიცოცხლისთვის!

გავიდა შვიდი წელი. ანა რეგულარულად იტარებს კვლევებს და ამბობს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალააქვს მადლიერების საოცარი გრძნობა ყოველი გათენებული დღისთვის.

ყოველ დილით, როცა ზღურბლს ვაბიჯებ, მადლობას ვუხდი უფალსა და სამყაროს იმისთვის, რაც ამ მომენტში მაქვს. არასდროს მავიწყდება, რომ სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

საქართველოში სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2008 წლიდან (თბილისში) და 2011 წლიდან – ქვეყნის მასშტაბით, თუმცა მოსახლეობის ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ დაბალია.

ძალიან დაბალია სამედიცინო დაწესებულებებისადმი ნდობა რეგიონებში, – ამბობს ანა თოდუა. – თავიდან ბევრს ეგონა, რომ ზუგდიდში ჩატარებული სკრინინგი არ იქნებოდა სანდო, მაგრამ მე ყველას ვეუბნებოდი: ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, ხოლო ნიმუშები იგზავნება თბილისში.

როგორც კი ჩემი დიაგნოზი გავიგე, მაშინვე დავიწყე საუბარი სკრინინგის აუცილებლობაზე. ჩემს სამსახურში ყველა ქალმა ჩაიტარა გამოკვლევაჩემი მაგალითით მათაც დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ზღვაში წვეთი! საჭიროა სკრინინგის სარგებელზე და მნიშვნელობაზე განუწყვეტლივ ვისაუბროთ.

ანა დღესაც აგრძელებს ბრძოლასოღონდ უკვე სხვა ქალების სიცოცხლისთვის:

სკრინინგი ყველაზე დიდი საჩუქარია ქალებისთვის. იზრუნო საკუთარ თავზე ნიშნავს იზრუნო იმ ადამიანებზე, ვინც შენს გვერდით ცხოვრობენ, რადგან შენ მათთვის ძალიან ძვირფასი ხარ. როცა ქალი ცოცხალია და ბედნიერია  –  მისი ოჯახიც ბედნიერია.

ანა თოდუა მოუწოდებს ყველა ქალს, ვინც დაავადებას მოერია, რომ არ გაჩუმდნენ და გახდნენ მაგალითი სხვებისთვის:

„ვისაუბროთ ამაზე ხმამაღლა! ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთად დავდგეთ სხვა ქალების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მოვუწოდებ ყველა ქალს: გიყვარდეთ საკუთარი თავი, იარეთ ექიმთან, ჩაიტარეთ სკრინინგი, იყავით ლაღები, ბედნიერები და მშვიდები! მით უმეტეს, 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა. არ შეუშინდეთ გამოწვევებს – გამოწვევების დაძლევა შეიძლება, დაგვიანება კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს!“

სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.

Tags: ,