საჯარო ბოდიშის მოხდა ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს, სახელმწიფოს მხრიდან – PHR

June 28, 2024

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

საჯარო ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია – რა დარღვევები დაადგინა და რა დაავალა სახელმწიფოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან დაკავშირებით “გაეროს უფლებათა კომიტეტმა”

გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა დაავალა გაეროს უფლებათა კომიტეტმა, სახელმწიფოს, რადგან ვერ დაიცვა ბავშვების უფლებები, ვერ აარიდა ზიანი და არ მიიღო შესაბამისი ზომები, – კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართვის საფუძველზე მიიღო.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა გამოავლინა შემდეგი დარღვევები:

  • არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა,
  • შშმ ბავშვების უფლებების დარღვევა,
  • ძალადობისგან დაცვის ვალდებულების დარღვევა

საუბარია 2021 წელს ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშებში წერდა, რომ პანსიონში შესვლა აკრძალული ჰქონდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ დაწესებულებაში შესვლა შეზღუდული ჰქონდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაც.

იმ პერიოდში, ბენეფიციარები მომსახურე პერსონალისგან არაადამიანურ მოპყრობაზე და ძალადობაზე საუბრობდნენ, დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლებრივი გამოძიებაც.

მას შემდეგ, რაც საკითხით მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად დაინტერესდა პანსიონის ხელმძღვანელი შეიცვალა, ხოლო ბენეფიციარების ნაწილმა პანსიონი დატოვა. საქართველოს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას თქმით, ამ დროისთვის პანსიონში 9 აღსაზრდელი რჩება.

ჩვენ ქარჩავას ასევე ვკითხეთ თუ რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს გაეროს ბავშვთა კომიტეტის დასკვნაზე და რამდენად თვლის, რომ საჭიროა სახელმწიფომ საჯარო ბოდიში უნდა მოუხადოს აღსაზრდელებს. იურისტის თქმით, ციტატა: “კონკრეტული პირების მოსაზრებები, რომელიც ორგანიზაციამ გაიზიარა, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის”

ვცადეთ დავკავშირებოდით პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსაც, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ნინოწმინდის პანსიონის საქმე მოხვდა საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც. ანგარიშის მიხედვით, პანსიონში მყოფი 9 აღსაზრდელისთვის ამ დრომდე არ განსაზღვრულა ოჯახთან მიახლოებული ზრუნვის ფორმები და ეს პროცესი გაჭიანურებულია. რამდენად აქვს სახალხო დამცველს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა? დავუკავშირდით ორივე ორგანიზაციას თუმცა არცერთმა არ გვიპასუხა.

ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რა ხდება ახლა პანსიონში და რა ეტაპზეა ნინოწმინდის პანსიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლად გადაკეთების იდეა, რომელიც მეუფე იაკობმა დაპირება მას შემდეგ დააანონსა, რაც ხელმძღვანელად დაინიშნა.

მას შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა, თუმცა როგორც საპატრიარქოს იურისტი გვეუბნება, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას.

ახლა კი კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რას ავალებს გაეროს ბავშვთა კომიტეტი სახელმწიფოს:

  • სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დაზარალებული ბავშვის ადეკვატური, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და მისი რეაბილიტაცია;
  • სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად უნდა შეაფასოს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა;
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სისხლის სამართლის საქმის დამოუკიდებელი, ეფექტური და სწრაფი გამოძიება;სახელმწიფომ სარეაბილიტაციო ღონისძიებები უნდა განსაზღვროს ბავშვებთან კოორდინაციით;
  • სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად;
  • სახელმწიფომ უნდა შექმნას ბავშვზე ორიენტირებული საჩივრების ეფექტური სისტემა;
  • სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის დროული იურიდიული დახმარების მისაწვდომობა;
  • სახელმწიფოს დაევალა, რომ ჩაატაროს სიღრმისეული გამოძიება ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ ყველა ბრალდებაზე.