ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, – ამ საკითხებზე წალკის 1 საჯარო სკოლაში იმსჯელეს.
შეხვედრაზე, უფროსკლასელებთან ერთად ჩართული იყვნენ სკოლის პედაგოგებიც.
ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის მობილიზატორი წალკაში ნაზი მეშველიანი, რეპროდუქტოლოგი მარინა წიქარიშვილი, სოციალური მუშაკი, სამირა ისმაელოვა და ფსიქოლოგი, გიუნა მამედოვა.
რეპროდუქტოლოგმა, მარინა წიქარიშვილმა შეხვედრაზე, ისაუბრა თუ რა არის ჰორმუნალური დარღვევები, რა გავლენას ახდენს ის ჯანმრთელობაზე და როგორ ვიზრუნოთ და მოვუაროთ თავს.
,,უფროსკლასელ მოსწავლეებს ვესაუბრეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჰორმონალურ დარღვევებზე, იმ მნიშვნელოვან თემებზე, რაც მათ დაეხმარებათ იცოდნენ რა არის ნორმა, როდის იწყება პათოლოგია და როდის უნდა მიმართონ ექიმს. ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ ბავშვებს, რაც მათ ბიოლოგიაში უნდა ისწავლონ, ისიც კი გამოტოვებული აქვთ, რატომ ხდება ასე მიზეზი არ ვიცი,“ – გვითხრა მარინა წიქარიშვილმა
პროექტის მიზნებზე სასაუბროდ TOK TV პროექტის მობილიზატორს წალკაში, ნაზი მეშველიანს ესაუბრა. მეშველიანის თქმით, მსგავსი შინაარსის შეხვედრები წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩაატარეს. გეგმავენ გაგრძელებას.
,,შეხვედრები პედაგოგებთან და მოსწავლეებთან გასულ წელს დაიწყო. შეხვედრა გაიმართა თრიალეთის, კოხტას, წალკის მე-2 და ბეშთაშენის საჯარო სკოლებში. შეხვედრები კვლავ გაგრძლდება და იმედი გვაქვს პოზიტიურ შედეგს გამოიღებს. თემა რომ აქტუალურია და საზოგადოებაში პრობლემა მწვავედ დგას, ჩვენი აუდიტორიის განწყობაზე და მათი ინტერესებიდანაც ჩანს,” – ამბობს ნაზი მეშველიანი.
საინფორმაციო შეხვედრას პროექტის “გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა” ფარგლებში, ახორციელებს “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი” (GCRT) ორგანიზაციებთან კავშირი “საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალთა ფონდი საქართველოში“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „არტარეა“ პარტნიორობით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.