მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და სინოდის წევრი მელქისედეკ ხაჩიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო, “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა, – ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მელქისედეკის თქმით, იგი ათონის მთაზე იმყოფებოდა, სადაც იქაური მონასტრების წინამძღვრებთან კომუნიკაციისას მათ უთხრეს, რომ ისინი პატივს სცემენ სამეცნიერო მიღწევებს და ვაქცინირებულებიც არიან.
“სულ ახლახანს ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ,” – წერს ეპისკოპოსი.
ეპისკოპოსი ასევე საუბრობს სინოდის სხდომაზე განხილული ვაქცინაციის პროცესის შესახებაც. მისი თქმით, ვაქცინაცია არავის უნდა დააძალონ, მაგრამ ამ შემთვევაში საჭიროა სამეცნიერო არგუმენტების მოყვანა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.
“როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით.”