,,სკოლის ტუალეტის შფოთვითი სინდრომი”

November 10, 2025

–       ,,ვცდილობ, არ შევიდე“
–       ,,ბნელა“
–       ,,კარის საკეტი ხელში უნდა გეჭიროს“
–        ,,ჭერიდან წყალი წვეთავს და ზედ გესხმევა“
–       ,,სუნი დერეფანშიც იგრძნობა“
–       ,,ხელს ვერ დაიბან“
–       ,,საპნის ნატეხია წყალში გახსნილი“
–       ,,ერთი დამლაგებელია სკოლაში და სულ ვერ ალაგებს“

ეს ჩანიშნული ფრაზებია, რომლებიც ორი თვის განმავლობაში , მშობლების ნებართვით, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლესთან სკოლის ტუალეტის შესახებ საუბრის შედეგად დამიგროვდა.

ჯერ ვერ შემხვდა ისეთი საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც დადებით გამოცდილებას გამიზიარებდა. ბავშვები, უმეტესად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამოვკითხე. ერთი კვირის წინ ვიყავი რეგიონის ორ სკოლაში,  თუმცა ბავშვები იქ არ გამომიკითხავს, მდგომარეობა, თვალით ნანახითაც მძიმეა. სხვა რეგიონებშიც უმეტესად ასეა…

,,სკოლის ტუალეტის შფოთვითი სინდრომი” არის ბავშვებში და მოზარდებში შარდისა და განავლის შეგნებული შეკავება — ანუ ტუალეტზე წასვლისგან თავის შეკავება მაშინაც კი, როცა ფიზიოლოგიური საჭიროება არსებობს. ამის შედეგები ლიტერატურაში ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

ფიზიოლოგიური: რომელშიც შედის შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები ; შარდის ბუშტის გადიდება და ტონუსის დაკარგვა, ენურეზი (შარდის უნებლიე გამოყოფა ღამით), ყაბზობა და განავლის შეკავების ქრონიკულ დარღვევა; რეფლექსურ სპაზმები და ტკივილი მუცლის ქვედა არეში

და 

ფსიქოლოგიური, რომელშიც შედის შფოთვა და ტანის კონტროლის შიში; გაკვეთილზე კონცენტრაციის დაქვეითება; საკუთარი სხეულისადმი სირცხვილი ან უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; ზოგიერთ შემთხვევაში — სოციალური იზოლაცია

,, სკოლის ტუალეტის შფოთვითი სინდრომი” – ერთ-ერთია რაც საქართველოში, სავარაუდოდ ,საჯარო სკოლის მოსწვალეებს კერძო სკოლების მოსწავლეებისგან განასხვავებს. ამავდროულად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი პირების უმეტესობა შვილისთვის კერძო სკოლას არჩევს. 

ჩემს სამივე შვილს წილად საჯარო სკოლა შეხვდა…

ნათია კუპრაშვილი, დედა

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით