ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
დმანისში, სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები დააზიანეს, რომელიც ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით მიედინებოდა – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის” კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები,“ – წერია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, კაბელების მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში დაზიანდა. გარდა ამ ფაქტისა უწყების ცნობითვე, შსს-მ 28 სექტემბერს, მარნეულში გამოავლინა კიდევ ერთი დაზიანების შემთხვევა, აქ „სილქნეტის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს, რომლითაც ინტერნეტი ადგილობრივი მოსახლეობის გარდა სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება.
„“სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.“
შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.