ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია „კურცხანა“-ს სასმელი წყლის ქსელის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის 84`683.00 ლარის გამოყოფას გეგმავს. სასმელი წყლის ქსელის მაგისტრალზე ლითონის მილებია დაზიანებული. ტენდერი გულისხმობს მაღალი წნევის მილებით მაგისტრალის რეაბილიტირებას და გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფას.
„ეს ქსელი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაზიანდა, რის გამოც რვა სოფელს არ მიეწოდებოდა წყალი, მაგრამ მეორე დღის პირველ ნახევარში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა. ამ ეტაპზე სოფლებს წყალი მიეწოდებათ, მაგრამ „კურცხანას“ სასმელი წყლის ქსელი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას.“ განაცხადა TOK TV-სთან საუბრისას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადეოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ,,კურცხანა”-ს სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ტენდერი 20 სექტემბერს გამოცხადდა, დაინტერესებულმა კომპანიებმა დოკუმენტაცია 01 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს.
სატენდერო პირობის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წლის ვადაში, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოქმნილი პრობლემა საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.