რამდენად არიან მზადყოფნაში COVID-19-თან საბრძოლველად ოჯახის ექიმები სამცხე- ჯავახეთიდან.
ამ შეკითხვით ჩვენ რამდენიმე სოფლის ექიმს მივმართეთ. კარდეოლოგი და ოჯახის ექიმი ჯუნა ყირიმლიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, დიდ და პატარა სმადას და ჩორჩანს ემსახურება, ამასთან იგი სასწრაფო დახმარების ექიმიცაა.
სოფლის ექიმი გვეუბნება, რომ არც გამოძახებები და არც მომართვიანობა მომატებული არ არის. ასევე გვიზიარებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად არანაირი გადამზადება არ გაუვლია, თუმცა მსოლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით მუშაობს.
“გამოძახება მომატებული არ არის. კორონავირუსის სიმპტომებით არავისთან ვყოფილვართ გამოძახებაზე, არც არავინ შემოუყვანიათ. გადამზადება არა, მაგრამ გვაქვს რეკომენდაციები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ,” – განმარტავს სოფლის ექიმი.
ასევე გვიყვება, რომ ტრანსპორტი არის საკუთარი და თავისი ხარჯებით უწევს უბნებზე სიარული.
“ჩვენი პირადი აღჭურვილობით და მანქანით დავდივართ. იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება გამოძახებები ჩვენც სხვა რა გზა გვექნება მოგვიწევს ყველას გავუწიოთ შესაბამისი მომსახურება,” – განმარტავს ყირიმლიშვილი.
სოფლის ექიმი ამბობს, რომ ყველა ოჯახში, რომელშიც უცხოეთიდან არიან ჩამოსულები მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
პირადი ტრანსპორტით უწევს უბნებზე სიარული, ახალციხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, ტატანისის, სვირის და ბოგას ექიმ, კობა გრიგალაშვილსაც, თუმცა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ძირითადად სატელეფონო კონსულტაციებით ემსახურება ხალხს.
“სამი სოფლის ექიმი ვარ. კონტაქტი ყველასთან მაქვს, ჯერ-ჯერობით საეჭვო არაფერი დაფიქსირებულა. ძირითადად სატელეფონო კონტაქტი მაქვს ხოლმე. მომართვიანობა და გამოძახებები არ მომატებულა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია,” – განმარტავს გრიგალაშვილი.
მისივე თქმით, COVID-19-თან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ინსტრუქციები და რეკომენდაციები მიიღეს, რომლის მიხედვითაც მუშაობენ.
30 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახისა და სოფლის ექიმები გადამზადდებიან, რათა მათ ვისაც COVID-19 შედარებით მსუბუქი ფორმებით შეხვდება სახლში იმკურნალონ.
სამცხე-ჯავახეთში 4 ცხელების ცენტრი გაიხსნა, მათ შორის ერთი ადიგენში და ერთი ახალციხეში.
ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული და მოქმედებს კომენდანტის საათი.