სოც. სასადილო, შშმ პირები, ომის ვეტერანები – რამდენს დახარჯავს 2026 წ. ახალციხის მერია

November 18, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის, 2026 წელს, 40 მილიონამდე ლარიდან (ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სწორედ ამდენით არის განსაზღვრული მომდევნო წლის ბიუჯეტი) 2 800 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

40 მილიონამდე ლარი – რამდენით განისაზღვრება ახალციხის 2026 წლის ბიუჯეტი – ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2026 წელს ამბულატორიების მშენებლობას, რეაბილიტაციას, აღჭურვას არ აპირებენ – გრაფაში 0,0 ლარია მითითებული.

გთავაზობთ რამდენიმე პროგრამის დეტალებს.

სათნოების სახლი

ბიუჯეტის პროექტის მიხდვით, ახალციხის ა(ა)იპ სათნოების სახლისთვის 340 000 ლარია გათვალისწინებული. სწორედ ეს ა(ა)იპი უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველების და უსახლკაროების კვებას. 

დოკუმენტის მიხედვით, სათნოების სახლს 160-მდე ბენეფიციარი ჰყავს. როგორია მათი კვების რაციონი? – ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. უწყებას წერილით უკვე მივმართეთ. 

შშმ პირების მხარდაჭერა

ამ პროგრამის ფარგლებში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯამში – 348 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

ვის შეუძლია ისარგებლოს ამ პროგრამით და რა ტიპის მხარდაჭერაა გათვალისწინებული? – ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვთათვის ყოველთვიური, კვარტალური და ერთჯერადი ფულადი დახმარება;
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო პირებისათვის არაფორმალური განათლების მისაღებად ხმოვანი კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
  • შშმ პირების ადაპტირებულ დასასვენებელ სახლში შესაბამისი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, ბენეფიციარებისთვის სხვა სერვისების მიწოდების ხელშეწყობა და სხვ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში 774 ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა.

ომში მონაწილე შშმ პირები ან/და ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იგეგმება, ფულადი ფორმით სოციალური დახმარების გაცემა და სერვისების მიწოდების ხელშეწყობა, რომლისთვისაც 22 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

რამდენი ასეთი პირია რეგისტრირებული მუნიციპალიტეტში? – ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ამის გასაგებადაც საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. (ჩვენ ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ)

ასევე, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, 405 000 ლარი გამოყოფილია იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარებისთვის. 

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამა ითვალისწინებს:

  • კვარტალურად სურსათით უზრუნველყოფას;
  • სათნოების სახლის კვებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის ფულად დახმარებას სააღდგომოდ და საახალწლოდ;
  • უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფას 

და ა.შ. ასევე, გათვალისწინებულია ბინაზე მოვლის პროგრამაც

სოციალური პროგრამების ჩამონათვალი ვრცლად იხილეთ ფოტოზე: 

ასევე, ჩვენ ახალციხის მერიიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, თუ რამდენი სოციალურად დაუცველი პირია რეგისტრირებული, 2025 წლის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში. 

ახალციხის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალციხის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება ბიუჯეტის საჯარო განხილვა. 

კიდევ რაში აპირებენ 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას? – ჩვენი გუნდი ბიუჯეტის პროექტის დეტალურ ანალიზზე მუშაობას განაგრძობს.