ალბერტ გრიგორიანის, რომელიც სამი დღის წინ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს , სასამართლო სხდომა დღეს 13:00 საათზე გაიმართება – ინფორმაციას გვიდასტურებს ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერი, ნინო ჩიგოგა. სხდომას მოსამართლე, ლუიზა თოდუა წარუძღვება.
გრიგორიანი სპეც. ოპერაციისას 22 აგვისტის, ღამით დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას იარაღი არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.
„პირველად ამ პირს პოლიციამ მუქარით სამი წლის წინ დაატოვებინა საქართველო. შემდეგ კიდევ სცადა მან ქვეყანაში დაბრუნება და აეროპორტიდანვე პოლიციელებმა უკან გააბრუნეს და ახლა კიდევ დააკავეს, მაგრამ მანამდე ეუბნებოდნენ , რომ თუ არ წავიდოდა პრობლემები შეექმნებოდა. საქართველოს მოქალაქეს როცა არ უშვებენ ქვეყანაში ეს სერიოზული პრობლემა და ადამიანის უფლებების დარღვევაა, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის იგი. მეორეც , როცა პოლიციელები გაიძულებენ ქალაქიდან წასვლას ესეც დიდი პრობლემაა. აქედან გამომდინარე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი და ეს არამარტო მე მგონია, რომ არის პოლიციის მხრიდან მოწყობილი,“ – გვეუბნება „მედია ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი, ედუარდ აივაზიანი.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება შსს-ში ვცადეთ, მათ კი ასე გვიპასუხეს: „ეს არის პერსონალური ინფორმაცია და თუ არ გაქვთ ნოტარიულად დამოწმებული ნდობის დოკუმენტი მეტ პერსონალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.“
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 236 მუხლის 3-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: მიშო დარბაიძე