სჯსუს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა

March 5, 2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა. ინფორმაციას გვიდასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, მაკა ბერიძეც და ამბობს, რომ მიზეზი განახლებული სააკრედიტაციო დოკუმენტი და ექსპერტების რეკომენდაციებია, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო დეტალურად უნდა დაამუშაონ დოკუმენტი.

“ჩვენ ახალი პროგრამა უნდა წარვადგინოთ, მაგრამ ეს ბავშვები იქნებიან მილევად რეჟიმში ანუ ყველა შეძლებს დაასრულოს სასწავლო კურსი. მონაცემები უნდა დავამუშაოთ დეტალურად, რისი რეკომენდაციაც ექსპერტებმა მოგვაწოდეს. ჩვენ ხვალიდანვე ვიწყებთ მუშაობას, რათა რაც შეიძლება მალე წარადგინონ ახალი პროგრამა,” – ამბობს რექტორი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის 26 პროგრამიდან აკრედიტაცია 20-მდე პროგრამამ უკვე გაიარა.