სჯსუ-ში ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება – რექტორი

January 28, 2026

“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ვეტერინარული კლინიკის აშენება იგეგმება, რომელიც 300 000-მდე ლარი დაჯდება.

უნივერსიტეტმა უკვე მიიღო ნახევარ მილიონის ღირებულების ლაბორატორიული და კლინიკური აღჭურვილობა

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინალური კლინიკის აშენება იგეგმება, რომელიც 300 000-მდე ლარი დაჯდება, – ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, მაკა ბერიძემ ჩვენს რედაქციასთან ისაუბრა. მისივე თქმით, კლინიკის გახსნა ზაფხულში იგეგმება.

ბერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გივი მიქანაძე უნივერისტეტში იმყოფებოდა და ნახევარ მილიონად შეძენილი ლაბორატორიული და კლინიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. 

გივი მიქანაძის სჯსუ-ში სტუმრობის  შესახებ ჩვენთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა და მას შემდეგ გავიგეთ, რაც სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა უწყება რეგიონში ვიზიტს ადგილობრივი მედიის გარეშე აორგანიზებს. 

რაც შეეხება ლაბორატორიას, მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ჰისტოპათოლოგიური, ანესთეზიოლოგიისა და რეაბილიტაციის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის, ასევე, კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიები მოეწყობა. 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვეტერინარიის პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედდა. მაკა ბერიძის თქმით, გადაწყვეტილება ვეტერინარების დეფიციტის გამო მიიღეს.

სწავლება 5 წლიანია და კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს მაგისტრის სტატუსიც ექნება. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვეტერინარიის პროგრამაზე 89 სტუდენტი სწავლობს. სწავლა უფასოა.