საქართველოში ყველაზე დიდი ბუნებრივი ტბა, ფარავანი სოფელ ფოკაში მდებარეობს. მიუხედავად ბუნებრივი ხელსაყრელი გარემოებებისა, სოფელი ერთ-ერთი ყველაზე რთული საცხოვრებელი ადგილია, ბევრ მიზეზთა გამო. მათ აღწერას 25 წლის ლილით კარაპეტიანი საკუთარ ფილმში, სახელად “ფარავნის ხმა” შეეცადა. ნამუშევარი ასოციაცია “ტოლერანტის” კონკურსის “ამბები შენი სოფლიდან” სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
კიდევე ერთი საპრიზო ვიდეო, რომელიც თემის პრობლემებზე მოგვითხრობს ქრისტინა ოქროიანმა გადაიღო. 14 შვილის დედა, რომელიც საკუთარი შვილებისათვის განათლებას და თანამედროვეობის შესაბამის განვითარებას ითხოვს, არის ვართუი ღაზარიანის ისტორია. 5 წუთიან ფილმში ქრისტინა ოქროიანი გვიჩვენებს სოფელ განძის, სადაც განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა. გამოსავლის ძიებაში კი ხალხი უბრალოდ მიდის, სოფელი კი ცარიელდება.
დაცარიელებული სოფლები და ბაზისური მომსახურების თუ სოციალიზაციის გარეშე ცხოვრებას ეძღვნება ნარინე ტონაკანიანის და ანუკი ვანაძის ნამუშევრები. ანუკი გორელოვკაში ცხოვრობს, ახალგაზრდები აქ ჯერ კიდევ არიან, თუმცა გარემო მათზე მორგებული არ არის. მათი ნაწილის სოციალიზაციის ხელშესაწყობად სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვს.
კონკურსის პირველ ადგილზე გასული ნამუშევარი ექთან ქალზე მოგვითხრობს. ცენტრს მოწყვეტილ და თანამედროვე შესაძლებლობებს დაშორებულ სოფელში, სუსანა ჰაკოფიანი ტაბაწყურელების ერთადერთი იმედია.
ასოციაცია “ტოლერანტი” თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს წლებია ახორციელებს. “ამბები შენი სოფლიდან” ამავე მიზანს ემსახურება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი გვეუბნება, რომ ახალგაზრდების მიერ ადვოკატირების შედეგად, ნინოწმინდის სოფელ ფოკაში საავტომობილო გზა დააგეს, ჯავახეთში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა და ახალქალაქის სოფელ ტურცხში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა.
თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს “ტოლერანტი” ბოლო სამი წერია ახორციელებდა და ჯამში, 45 მაღალმთიან სოფელში, 80-ზე მეტი ახალგარზრდა მოიცვა.