ადიგენის სოფელ უდეში, მეწყრულ ზონაში მყოფი 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს, – ამის შესახებ საუბარია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ დასკვნაში, – ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სოფელში მეწყერი ჩამოწვა, გეოლოგებმა 24 მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს. არსებული ინფორმაციით, ადიგენის მერიამ, სტიქიის ზონაში მოყოლილ და დაზიანებულ სამ სახლში მცოხვრებლები ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა, სამ ოჯახს გადაყვანას სთავაზობს, ხოლო ორი ოჯახი გადასვლაზე უარს ამბობს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საევაკუაციო 16 სახლიდან ხალხი მხოლოდ 8-ში ცხოვრობს. დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. “პირდაპირების” დასახლებაში, სტიქიურად მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა წვიმის სახით და მაღალი ტემპერატურის პირობებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, უდის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.