ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ორგანიზაცია “უკვდავი პოლკის” ოფიციალურ Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ, 9 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ქალაქში ღონისძება დაიგეგმა, მათ შორის იყო ახალქალაქი(პირველად ჯავახეთში აქცია 2019 წელს გამართეს). ანონსის მიხედვით ახალქალაქში აქცია დღეს 11:00 საათზე უნდა გამართულიყო.
“საქართველოს უკვდავი პოლკი” მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილების პატივისცემის მიზნით 2017 წლიდან ყოველ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აქციას მართავს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რევაზ გოგიძეს დავუკავშირდით. იგი გვეუბნება, რომ საქართველოში არ იმყოფება და არ აქვს ინფორმაცია რომელ ქალაქში გაიმართა მსვლელობები.
ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, თუმცა TV9-სთან საუბარში ამბობს, რომ აქციის გამართვაზე თანხმობის მოთხოვნით არავის მიუმართავს.
იგი რეგისტრირებულია, როგორც პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა “უკვდავი პოლკი.”
ეს ორგანიზაცია მოხვდა IDFI-ს დასკვნაში, როგორც რუსეთის, რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც რუსეთი ცდილობს პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე გავლენის შენარჩუნებას.
“უკვდავი პოლკის, როგორც რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტის მეშვეობით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს თანამედროვე სუვერენულ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოს მსგავსად უდიდესი დანაკარგები იწვნიეს მეორე მსოფლიო ომში, შეუქმნას საერთო ნარატივი და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების სახელი აქციოს საერთო-რუსული ისტორიის ნაწილად. ეს, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით პუტინის რეჟიმის გამყარებასა და მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაციას ემსახურება. მეორე მხრივ კი რბილი ძალის ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებით, რუსეთი ცდილობს პოსტ საბჭოთა სივრცეზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კი – რუსეთის პოზიციების გამყარებას.”