ადგილობირვი კონფესიები ,,ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით, რომლითაც მართმადიდებელ ეკლესიას 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონების უფლება ენიჭება, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. საკუთრივ მართლმადიდებელი ეკლესია კი აღნიშნავს, რომ ეს უფლებაა და არა გარანტია.
სამცხე-ჯავახეთის მუსლიმური თემის მუფთი, გიორგი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ერთი კონფესიის წარმომადგენლებს არ უნდა ეხმარებოდეს.
„უსამართლობის განცდა მაქვს… ხელისუფლებამ ძალიან კარგად უნდა გაითავისოს, რომ მულტიკულტურული ქვეყანა ვართ და ნამდვილად უნდა იყოს ყველას უფლებები დაცული. სახელმწიფოს უფრო განსხვავებული და ლოიალური მიდგომა აქვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენ კონფესიებსაც მოგვეცემა საკუთრების უფლება,“ – ჩვენთან საუბარში ამბობს მუფთი.
სახელმწიფო არაფერს აკეთებს სხვა ეკლესიებისთვის – თვლის სამცხე-ჯავახეთის სომხური თემის მოძღვარი იაკობ(ნორაირ) სააკიანი.
“ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის, რომ ძალიან უარყოფითად ვეპყრობი იმას, რომ სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა არაფერს აკეთებს სხვა ეკლესიებისთვის. თუნდაც ჩვენი პატარა კუთხე გვქონდეს და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთი სალოცავი.“
ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაც დავუკავშირდით. მათი თქმით, ტყის ეკლესიაზე გადაფორმება რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ასევე ამბობენ, რომ ყველა ეკლესიას არ ექნება ტყის დაკანონების უფლება.
„ეკლესიას ამ კანონით არაფერი არ გადაეცა, არამედ თუ მოითხოვს, იმ შემთხვევაში, პროცედურა იქნება გასავლელი შესასყიდად; შესაბამისი კომისია განიხილავს მოთხოვნას. მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ ტყის სიღრმეში მდებარე კულტურული ძეგლები გააჩნია და შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ტერიტორიების მოთხოვნა, რომლის ფლობის აუცილებლობასაც დაასაბუთებს ფუნქციონირებისათვის. მართლმადიდბელი ეკლესიის ყველა, მონასტერს ან ტაძარს არ ექნება უფლება მოითხოვოს ტყის მონაკვეთის შესყიდვა,” – ამბობენ საპატრიარქოში.
იყო თუ არა საკითხი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან ერთად განხილული გადაწყვეტილების მიღებამდე? საკითხის გასარკვევად „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსაც“ დავუკავშირდით. როგორც სააგენტოში გვითხრეს, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, შესაბამისად არც განუხილავთ.
ტყის ნაკვეთი არ უნდა გადაეცეს არცერთი კონფესიის წარმომადგენელს – თვლის ადამიანის უფლების პროგრამის ანალიტიკოსი ნინო ცუხიშვილი.
“იმის გათვალისწინებით, რომ ამ კოდექსის მიზანია დავიცვათ ტყე, როგორც საზოგადოების რესურსი და არ მოხდეს მისი პრივატიზება თუ ის საჯარო მიზნებიდან და ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, ასეთი ტიპის გამონაკლისის დაწესება მხოლოდ ერთი კონფესიისთვის არის, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული. თუმცა, დისკრიმინაციაც რომ გვერდზე გადავდოთ ვფიქრობთ , რომ საჯარო ინტერესის წინააღმდეგ არის ასეთი რეგულირება მიმართული. გამონაკლისი არ უნდა იყოს დაშვებული არცერთი რელიგიური კონფესიისთვის,“ – ჩვენთან საუბარში ამბობს საიას იურისტი.
მისივე თქმით, სხვა რელიგიური მიმართულების წარმომადგენლებს შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში, რის შესალებლობასაც საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.
ის რომ შესაძლოა გადაწყვეტილება სასამართლო სარჩელების მიზეზი გახდეს, კოდექსის მიღებამდე აგროგარემო ტვ-ს ეთერშიც ისაუბრეს.
ახალ ტყის კოდექსს აფასებს თეოლოგი და სამართლის დოქტორი არჩილ მეტრეველი. მისი თქმით, ტყის ნაკვეთის საპატრიარქოზე გადაცემა არის დისკრიმინაციული ქმედება.
საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს“
მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოს მთავრობამ ახალი „ტყის კოდექსი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიებს 20 ჰექტარი ტყის ნაკვეთის გადაფორმების შესაძლებლობა მიეცათ. კოდექსი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შედის.
„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები,“ – წერია კოდექსში.
ავტორი: მიშო დარბაიძე