ფერმერები საწვავს შეღავათიან ფასში მიიღებენ – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

January 29, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“იაფი აგროდიზელის პროგრამა,” რომლის ფარგლებშიც ფერმერებს საწვავის შეღავათიან ფასში შეძენა შეეძლებათ, 2021 წელსაც გაგრძელდება – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია პირველ თებერვალს დაიწყება , ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან, ეტაპობრივად მოხდება.

როდის და რომელ ბენზინგასამართ სადგურზე მიიღებენ მომსახურებას სამცხე-ჯავახეთის ფერმერები? ამ კითხვით ჩვენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ,სამცხე-ჯავახეთის რეგიონულის სამსახურის უფროსს, ნანა ზუბაშვილს დავუკავშირდით. 

მისი თქმით ფერმერები მომსახურებას 7 თებერვლიდან “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ბენზინგასამართ სადგურებზე მიიღებენ.

“პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საწვავის ბარათების გაცემა განხორციელდება დისტანციურად ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით, ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.