ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
“თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში, გოდერძი კუბლაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლაზე საუბრობს. ამბობს, რომ ადიგენის სოფელ ბოლაჯურში მას ახალგაზრდა ბიჭი დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე “უნდოდა ფიზიკურად დაპირისპირებოდა”. კუბლაშვილმა წინასაარჩევნო პოსტერების ჩამოხევაზეც ისაუბრა.
კუბლაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის დროს ადგილზე იყო სოფელ ბოლაჯურის რწმუნებული, ჯემალი ჩხიტუნიძე, რომლმაც კონფლიქტის შესახებ იცის.
ჩვენ თავად ჯემალ ჩხიტუნიძეს დავუკავშირდით. მან უარყო დაპირისპირება კუბლაშვილს და ახალგაზრდა მამაკაცს შორის.
“მაგ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებ არაფერი არ მომხდარა “ისი” რასაც მაგი[გოდერძი] ამბობს,” – გვითხრა რწმუნებულმა და ტელეფონი გათიშა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე გვეუბნება, რომ ამ შემთხვევის შესახებ მან პოლიციას უკვე აცნობა და გამოიკითხნენ თვითმხილველებიც.
საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლის გამო პირი 1 000 ლარით ჯარიმდება.
კუბლაშვილმა მოქალაქის დაჯარიმების მოთხოვნით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას 20 ოქტომბერს მიმართა. დაიწყეს თუ არა საკითხის შესწავლა? ამ კითხვით ჩვენ ადიგენის მერს, ზაქარია ენდელაძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა , რომ გოდერძი კუბლაშვილთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ გააკეთებდა.
“ჩემთვის პირადად ცნობილი არ არის, შესაძლოა დაწერა კიდეც განცხადება არ ვიცი. კუბლაშვილთან დაკავშირებით მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.”
შსს-დან პასუხს TOK TV მთელი დღის განმავლობაში ელოდება.
ბრიფინგი დეპუტატობის კანდიდატმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ახალციხს ოფისში გამართა.