ფოკაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყლის გასაწმენდად, ზოგჯერ ნორმაზე მეტ ქლორს იყენებენ

February 10, 2025

ნინოწმინდის სოფელ ფოკაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყლის დაზიანებული მილების გაწმენდას ქლორის საშუალებით ცდილობენ, ზოგჯერ კი ნორმაზე მეტ ქლორს იყენებენ

რას ამბობს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”?
რა წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში?

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკა ფარავნის ტბის მიმდებარედ არის განლაგებული. აქ მცხოვრებლების ძირითადი შემოსავლის წყარო მეცხოველეობა და მეთევზეობაა. ადგილობრივები ზამთრობით ფარავნის გაყინულ ტბაზე ორმოებს ჭრიან, ბადეებს აგებენ, დაჭერილი თევზის უმეტეს ნაწილს კი ადგილზევე ჰყიდიან. 

ლილით კარაპეტიანი სოფელში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთ ყველაზე მთავარზე, დაბინძურებულ სასმელ წყალზე გვესაუბრება. ამბობს, რომ დაძველებული და დაზიანებულია სასმელი წყლის მილები, რომლის გაწმენდასაც ქლორით ცდილობენ. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მილებში ნორმაზე მეტი ქლორი გაუშვიათ. 

ის, რომ მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი და მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არ იწმინდება, საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც უწყებამ გასული წლის 2 თებერვალს გამოაქვეყნა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასმელი წყლის ხარისხი ასევე არც მოწმდება.

“ქალაქ ნინოწმინდის და 4 სოფლის(განძა, დიდი ხანჩალი, კატნატუ და ფოკა) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. თვითმმართველი ერთეული ვერ უზრუნველყოფს დანარჩენი 27 სოფლის 3 427 ოჯახის გამართულ წყალმომარაგებას.”

რა შეიცვალა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ? რა ინტენსივობით იწმინდება სასმელი წყლის მილები და სათავე ნაგებობა, ბოლოს როდის ჩაუტარეს წყლის ქსელს წმენდა, რამდენად ადასტურებენ იმას, რომ დაზიანებული მილების გამო სასმელი წლის მილების გაწმენდისთვის ნორმაზე მეტ ქლორს იყენებენ? – ვკითხეთ კომპანიას. 

ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია იგეგმება თუ არა და როდის ფოკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და რა თანხაა გათვალისწინებული ამისთვის?  

წყალმომარაგების კომპანიიდან ჩვენს კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ზოგად პასუხში კი კომპანია ირწმუნება, რომ “სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს” და “ ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით.”

ამავე პასუხში აღნიშნულია, რომ ციტატა: “სოფელი ფოკადან ცხელი ხაზის ბაზაში არ ფიქსირდება წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებული არცერთი ზარი. შეტყობინება არ შემოსულა არც სოციალური ქსელის საშუალებით.”

დავუკავშირდით სოფელ ფოკის რწმუნებულს, თუმცა იგი ჩვენს კითხვაზე გაღიზიანდა და ტელეფონი გაგვითიშა. 

ჩვენს ზარებს არ პასუხობს არც ნინოწმინდის მერი, ანივრად მოსოიანი. 

აქვთ თუ არა ინფორმაცია სავარაუდოდ დაბინძურებული სასმელი წყლის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში? – აქ ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.

რა საფრთხე შეექმნება ადამიანის ჯანმრთელობას თუ სასმელ წყალში ნორმაზე მეტი ქლორი მოხვდება? გვესაუბრება ეპიდემიოლოგი, გიორგი კამკამიძე.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს 27 სოფელში მცხოვრები 3 500-მდე ოჯახის გამართულ წყალმომარაგებას.

ამავე დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის დასადგენად.