“ქვეყნისთვის საშიშები და არასაიმედოები ხართო” – რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მოლოდინში

December 2, 2020

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

მახამათ ხუციშვილი რეპატრირებული მესხია. იგი საქართველოში 2 000-იან წლებში ჩამოვიდა. ამბობს, რომ მოქალაქეობა გაჭირვებით აიღო, თუმცა მაინც უკმაყოფილოა, რადგან ჰყავს მეგობრები, რომლებიც ათობით წელია უშედეგოდ ცდილობენ მოქალაქეობის მიღებას, სახელმწიფო უარზეა. იგი ჩვენთან საუბარში იწუნებს კანონს, რომელიც მთავრობამ რეპატრირებული პირებისთვის შეიმუშავა.

რეპატრირებული მესხია მუსლიმ არიფოვიც. მის მეუღლეს და შვილებს უკვე წლებია მოქალაქეობა არ აქვთ. იმის გამო, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან მრავალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორისაა ჯანდაცვის მომსახურეობა, ამ სერვისებისთვის მათივე თქმით, ორმაგი თანხის გადახდა უწევთ.

რეპატრირებული მესხების პრობლემებზე ასოციაცა “ტოლერანტი” ათ წელზე მეტია მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ პროცესი გაჩერებულია და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები არ არის სრულად შესრულებული.

მოქალქეობის მოლოდინში მყოფი რეპატრირებული მესხების ძირითადი ნაწილი, გვეუბნება, რომ მთავრობისგან მიღებული უარის მოტივი ხშირად ასეთ შინაარსს ეყრდნობა: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კოდექსის მე-18-ე მუხლის თანახმად ისინი ქვეყნისთვის არასაიმედო და საშიში ადამიანებად არიან მიჩნეული.

საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობდა სახალხო დამცველი, თუმცა დღეს  ომბუდსმენის აპარატში გვითხრეს, რომ რეპატრირებული მესხების თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

რატომ ვერ იღებენ მოქალაქეობას რეპატრირებული მესხები? ამ კითხვით ჩვენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა უწყებაში რეპატრირებული მესხების ინტეგრაციის თემა საკმარისად მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნიეს და რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე დღესაც უარი გვითხრეს.