ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
უკვე მეშვიდე წელია, რაც ხარისჭირაშვილის ქუჩის მიმდებარედ საკანალიზაციო ნარჩენები ღია სივრცეში ჩაედინება.
ტერიტორია დაჭაობებულია, დაბინძურებული წყალი ხევში ჩაედინება, ხოლო საკანალიზაციო ნარჩენების საბოლოო დანიშნულება მდინარე ფოცხოვია.
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ამ სურათს დაინახავთ თუ ახალციხის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული კომპლექსიდან, ახალციხის რაბათის ციხიდან გადმოიხედავთ.
უკვე მეშვიდე წელია, რაც ხარისჭირაშვილის ქუჩის მიმდებარედ საკანალიზაციო ნარჩენები ღია სივრცეში ჩაედინება. ტერიტორია დაჭაობებულია, დაბინძურებული წყალი ხევში ჩაედინება, ხოლო საკანალიზაციო ნარჩენების საბოლოო დანიშნულება მდინარე ფოცხოვია.
ღია საკანალიზაციო არხის მიმდებარედ დაახლოებით 10 ოჯახი ცხოვრობს, მათგან საკანალიზაციო მილთან ყველაზე ახლოს მცხოვრები დაახლოებით 15-20 მეტრშია. ამბობენ, რომ მომრავლდა ქვეწარმავლები და მწერები, აწუხებთ უსიამოვნო სუნი, რომელიც ამ ტერიტორიიდან ვრცელდება.
ჩვენი რედაქცია ამ პრობლემის შესახებ 2021 წლიდან მუშაობს. თითქმის 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებებიდან ასეთი კომენტარები კეთდებოდა:
რაბათის ციხის მინდებარედ ღიად დატოვებული საკანალიზაციო მილი
რა (ვერ) გავარკვიეთ
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ოთხ დღიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ რაბათის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი მათი არაა და დამატებითი დეტალებისთვის მუნიციპალიტეტის მერიასთან გადაგვამისამართეს.
დავუკავშირდით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასაც, მათგან ინფორმაციის მიღებას პარასკევის შემდეგ ველოდებით.
თემაზე მუშაობის დროს ვერ გავარკვიეთ ჩაუტარდა თუ არა და როდის რაიმე სახის რეაბილიტაცია მილს ან/და იგეგმება თუ არა ტერიტორიის ნორმებში მოყვანა. ინფორმაციის მისაღებად ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
ვის ევალება პრობლემის მოგვარება და რატომ არ გვარდება? – თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაწესებული პრაქტიკა წყალმომარაგებასთან და წყალარინებასთან დაკავშირებით არასწორია, თუ ახლა მუნიციპალიტეტებში უბნების და სოფლების ნაწილს “წყალმომარაგების კომპანია”, ხოლო ნაწილს მერია ემსახურება, საჭიროა ეს პრაქტიკა შეიცვალოს, სრულად მუნიციპალიტეტს გადაეცეს და წყალმომარაგების კომპანიას აღარ დაექვემდებაროს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წყალსადენებისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ხოლო, ა(ა)იპ “ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებისთვის” 900 000-მდე ლარი.