ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში, როგორია პაციენტების მდგომარეობა

April 17, 2025

წელს, სამცხე-ჯავახეთში, ყირიმ-კონგოს ცხელების 2 შემთხვევა გამოვლინდა. 1 ახალციხეში და 1 ასპინძაში, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიები და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები გვაწვდიან. 

უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი პირი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში” განაგრძობს მკურნალობას. როგორც კლინიკის დირექტორი, მარინა ეზუგბაია გვეუბნება, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება აღარ პროგრესირებს და სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაწერენ. 

მისივე თქმით, წელს მათ კლინიკაში ყირიმ-კონგოს ცხელებით 2 ადამიანი მკურნალობდა. 

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან და მერიებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადიგენში, ყირიმ-კონგოს ცხელება  17 პირს დაუდასტურდა, ახალციხეში 7 პირს, ასპინძაში კი – 3-ს. 

რაც შეეხება ბორჯომის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. აქ 2024 წელს, ყირიმ-კონგოს ცხელება არ გამოვლენილა. 

რა არის ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება და როგორ დავიცვათ თავი? – გთავაზობთ ინტერვიუს ინფექციონისტ ანაიტ ლოკიანტან, ჩვენი არქივიდან: საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ – ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან

თავდაპირველად ინფორმაცია, ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევის შესახებ, “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.