ყირიმ-კონგოს ცხელებით ერთი პირი გარდაიცვალა ასპინძაში – ჯანდაცვა 

May 28, 2025

ყირიმ-კონგოს ცხელებით ერთი პირი გარდაიცვალა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ამის შესახებ ინფორმაციას “ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში” გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ პაციენტი 50 წლამდე ასაკის იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

გარდაცვალების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა. 

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში ყირიმ კონგოს ცხელების 2 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ერთი – გამოჯანმრთელდა. 

ადიგენში და ბორჯომში წელს დაავადება არ დაფიქსირებულა. ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი გამოჯანმრთელებულია.

დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყირიმ-კონგოთი ადამიანის დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოდის.

მათივე ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5 508  მსხვილფეხა საქონელი დაამუშავეს.

რა არის ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება და როგორ დავიცვათ თავი? – გთავაზობთ ინტერვიუს ინფექციონისტ ანაიტ ლოკიანტან, ჩვენი არქივიდან: საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ – ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან