შეიცვლება თუ არა ახალციხეში არსებული სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიის ზიარების და სხვა რელიგიური რიტუალების წესი – ამ კითხვით TOK TV-მ ადგილობრივ კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიმართა.
კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, მიშა სურმავა თვლის, რომ ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ არის საჭირო, რადგან აქამდეც მრავალი ეპიდემია ყოფილა, მაგრამ არ გავრცელებულა. თუმცა აღნიშნავს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები აუცილებლად ჩაუტარდება ეკლესიას.
„კათოლიკური ეკლესიები დაიკეტა მხოლოდ იტალიაში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ჩვენ მხოლოდ საკვირაო სკოლები დავკეტეთ, ისიც განათლების სამინისტროს განკარგულების საფუძველზე. ჩვენ ეკლესიაში გვყავს ადამიანები, რომლებიც ხატებს და ქანდაკებებს ჰიგიენური ხელსახოცით წმენდენ და მამაოებიც წირვის განმავლობაშიც და ზიარებამდე ხელებს რამდენჯერმე იბანენ. ეს წესი აქამდეც იყო და ახლაც ვასრულებთ.“
ასევე სურმავა განმარტავს , რომ ვირუსის გამო ხალხს არც ეკლესიაში სიარული და არც ზიარების მიღება შეუწყვეტიათ.
ცვლილებები არ შესულა არც სომხურ სამოციქულო ეკლესიის რელიგურ რიტუალებში: “არანაირი ცვლილება მომხდარა ჩვენს ეკლესიებში, რადგან მე პირადად ვთვლი, რომ როცა საქმე ეხება ღმერთს და რწმენას ჯვარზე მთხვევით და ზიარებით პირიქით ადამიანი იღებს ძალას და როგორ შეიძლება ამან დაგაზიანოს. ამაზე უარესი ვირუსები ყოფილა, მაგრამ ეკლესიიდან ეპიდემია არ გავრცელებულა,“ – ჩვენთან საუბრისას განმარტა ბორჯომი-ახალციხის სომხური თემების მოძღვარმა, იაკობ (ნორაირ) სააკიანმა.