27 წლის გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის საქმეზე დღეს ტვ პირველმა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ახალციხეში კლინიკა “იმედში” რეანიმატოლოგი ინციდენტის დროს არ იმყოფებოდა და ის ექთნის ცუდად გახდომის შემდეგ, დაახლოებით 25 წუთში მივიდა.
ფარული ჩანაწერის მიხედვით, ჟურნალისტს რეანიმატოლოგი, გიორგი აფციაური ეუბნება, რომ იგი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ექთანმა გონება დაკარგა.
დამატებითი განმარტების მისაღებად ჩვენ კლინიკის მენეჯერს დავუკავშირდით. მზია კაკოშვილი გვეუბნება, რომ რეანიმატოლოგი პაციენტთან ვაქცინაციიდან 25 წუთში მივიდა და არა – ცუდად გახდომიდან 25 წუთში.
“25 წუთი იყო გასული ვაქცინაციიდან, როცა რეანიმატოლოგი მოვიდა. როგორც კი ცუდად გახდა ადრენალინი გაუკეთდა და მას შემდეგ რაც რეანიმაციაში გადაიყვანეს კიდევ რამდენიმე ადრენალინის ნემსი და სხვა პრეპარატები გაუკეთდა,” – გვეუბნება კაკოშვილი.
ასევე, ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ექიმები ამბობენ, რომ კატასტროფის ბრიგადა რეგიონში ვერ მოიძებნა. არსებული სამი რეანომობილიდან ყველა დაკავებული იყო და დრო გაიწელა დაახლოებით 2.5 -3 სთ. რეანობომობილი არ იყო ადგილზე, ასევე არც ახალქალაქში და არც ბორჯომში.
ჩვენ აღნიშნულის კომენტირებაც ვთხოვეთ კლინიკის მენეჯერ. მზია კაკოშვილი გვეუბნება, რომ “რეანომობილი ადგილზე რომც ყოფილიყო მაინც ვერ გაატანდნენ პაციენტს, რადგან არ შეიძლებოდა გამოძრავება და გადაყვანისას პროცედურებია საჭირო.”
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს კლინიკა “იმედის” ექთანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკა” გაიკეთა, რის შემდეგაც შოკი მიიღო. ექთანი გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.