ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატში, სადაც 57 არასრულწლოვანი იმყოფება უკვე რამდენიმე ორგანიზაცია მონიტორინგის მიზნით შესვლას ითხოვს, თუმცა მათთვის კარი დაკეტილია. დაწესებულებაში არ შეუშვეს არც ომბუდსმენი და არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. ასევე, არც მედიის წარმომადგენლები, გარდა გამონაკლისებისა.
სახალხო დამცველის წინა წლების მონიტორინგის მიხედვით, პანსიონატში გამოიკვეთა სავარაუდო ძალადობის, დასჯის, თავისუფლების შეზღუდვის და სხვა დარღვევები. 2019 წლიდან კი დაწესებულებაში ომბუდსმენს მონიტორინგის უფლება შეეზღუდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბავშვთა პასნიონატში შესვლას მიმდინარე წლის 16 აპრილს გეგმავდნენ, თუმცა არ შეუშვეს. არგუმენტად მეუფე სპირიდონის კურთხევის არ ქონა დაასახელეს. მოგვიანებით თავად მეუფე სპირიდონმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა, რომ მიზეზი სახალხო დამცველის ინსტიტუტის იდეოლოგიაა.
რა პოზიცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოს? საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. მეუფე სპირიდონთან დაკავშირება კი პანსიონში შეღწევის მსგავსად რთული აღმოჩნდა.
მეუფე სპირიდონს ვერა, მაგრამ მეუფე ნიკოლოზს დავუკავშირდით. თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარულით და მედიასთან აქტიური კომუნიკაციით ცნობილი სასულიერო პირი გვეუბნება, რომ: “ომბუდსმენმა დედ მამას 9 შვილი წაართვა და ასეთი ხალხის შეშვება პანსიონატში არ შეიძლება.”
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ გვარცელებული ცნობის მიხედვით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. ომბუდსმენისვე განცხადებაში წერია, რომ “სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ “მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.”
ადასტურებენ თუ არა, რომ აღნიშნულ პანსიონში შესვლა ეზღუდებათ და როგორია მათი რეაგირება? კითხვებით ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მივამრთეთ. უწყებიდან პასუხის მიღებას ამ დრომდე ველოდებით.
ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული ,მოვლენების ფონზე, ორგანიზაციამ «პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის» დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის, სახელმწიფოს მხრიდან ინსტიტუციების კონტროლის მექანიზმების ეფექტური გამოყენებასა და სახალხო დამცველისათვის მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს მიმართა, თუმცა სარჩელი არ დაკამაყოფილდა.
ორგანიზაციის წარმომადგენელი თამუნა ფერაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. მისივე თქმით, როცა საქმე ეხება ბავშვის უფლებებს ხაზგასმით მნიშვნელოვანია სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება.
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2018 წლის, ანუ ბოლო ანგარიშში კი ასეთ დასკვნას ვკითხულობთ:
“ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით.”
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ნონოწმინდის N4 საჯარო სკოლაში დავრეკეთ, დირექტორი ადასტურებს ფაქტს, რომ პანსიონის ბავშვები მათ სკოლაში დადიან. ხდება თუ არა მათი კონტროლი ე. წ. ზედამხედველების მხრიდან? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
რაც შეეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრს. დირექტორის დავით ზედგინიძეს თქმით ომბუდსმენის ყველა ანგარიშში სიცრუე წერია და კომენტარს არ გააკეთებს.