შიმშილი, აქცია და პენიტენციურის კადრები – სააკაშვილის კიდევ ერთი დღე

November 6, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

შიმშილობის 37-ე დღე, საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან, და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების სავარაუდო მიღების ფაქტების შესახებ – ეს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ დღეს განვითარებული მოვლენებია.   

რუსთავის ციხესთან ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციაზე მყოფი მოქალაქეები სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. როგორც სააკაშვილის მკურნალი ექიმი აცხადებს მისი მდგომარეობა მძიმეა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.

დღესვე, საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მათი განმარტებით საკვებს იღებს. ამასთან უწყების მტკიცებით, სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ხილფაფებს და ნატურალურ წვენებს.  

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდა, ხოლო პირველ ოქტომბერს ის დააკავეს. მას შემდეგ იგი რუსთავის საპატიმროში იმყოფება და შიმშილობს. 

სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის, გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციის აქციის დარბევის საქმეებზე.