შუქრუთელები მესამე დღეა პარლამენტთან აქციას მართავენ და ღამეს ადგილზე ათევენ. ისინი მედიაციის პროცესში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.
“მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა,” – ასე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა შუქრუთში პროტესტის შესახებ დასმულ კითხვას.
„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნეფარიძე გვეუბნება, რომ სახელმწიფომ მხოლოდ ერთი მხარის, ამ შემთხვევაში
კომპანიის განცხადებებით არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ შეხვედრა გამართოს, სადაც სამივე მხარე: სახელმწიფო, კომპანია და მოსახლეობა იქნება წარმოდგენილი.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შუქრუთელებთან რაიმე კომუნიკაცია ის გვპასუხობს: “აბსოლუტურად არავინ, გამოხმაურების დონზეც კი არავინ, ადამიანურადაც კი არავინ დაინტერესებულა ამ ხნის მანძილზე როგორ ვართ, რამ გამოგვიყვანა, რა გასაჭირი გვაქვს, რის გამო ვცხოვრობთ ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩაში ოჯახებთან ერთად.”
გუშინ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას, გიორგი ნეფარიძემ მზაობა გამოთქვა იმაზეც, რომ პირდაპირ ეთერში მივიდეს კომპანიის წარმომადგენლების პირისპირ და ამ ფორმატის პირობებში მხარეებმა წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები და მტკიცებულებები.
პირდაპირი ეთერის შემოთავაზებაზე ჩვენ ვკითხეთ თავად კომპანია “ჯორჯიან მანგანეზსაც” და მათ ამისთვის ჩვენი სატელევიზიო ეთერიც შევთავაზეთ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ მათთვის პირდაპირი ეთერის ფორმატი მისაღები არ არის.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს ორივე ლოკაციაზე გააგრძელებენ თბილისშიც და შუქრუთშიც, მათი მოთხოვნების შესრულებამდე.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, რამდენიმე თვეა რაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ათ დღეზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა პირი ამოიკერა. მოსახლეობა ამბობს, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა, ნიადაგი ვარდება, ჭები შრება. ისინი ზარალის შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ.
კომპანია კი ამტკიცებს, რომ მას კომპენსაციების სახით დღემდე 12 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. კომპანია აქციის მონაწილეებს “რადიკალურ ჯგუფს” უწოდებს და სწორედ მათ აბრალებს ნაწილ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაუცემლობას.