მკოიანების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ნინოწმინდა ახალქალაქის დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიმართულებით. ასევე ამბობს, რომ გამოძიებამ პეტროსიანების ოჯახში 14 სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
ადვოკატი მოითხოვს 26 მარტს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული, 19 წლის არმენ მკოიანის დროზე ადრე გათავისუფლებას. მიზეზად კი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
„არმენ მკოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, სისტემატიურ მკურნალობას გადის და ვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუწყდეს. 20 000-მა ადგილობრივმა ხელმოწერებით დაადასტურა, რომ სურთ არმენ მკოიანი გათავისუფლდეს,“– ამბობს მკოიანების ადვოკატი.
ჩვენ პეტროსიანის ადვოკატს დავუკავშირდით.
„ასეთი კადრები სადაც პეტროსიანი დამიზნებით ესვრის მკოიანს ბუნებაში არ არსებობს. ეს კადრები რაც მათ გამოაქვეყნეს უკვე დევს საგამოძიებო საქმეში და მიმდინარეობს შესწავლა. საქმის გამოძიებას რომ არ შეეშალოს ხელი მკვეთრი და ხმამაღალი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა თუ მაინც უნდათ დადგება იმისი დროც, რომ მიიღებენ არგუმენტირებულ პასუხს“ – ამბობს ადვოკატი.
ჩვენ ქართული ოცნების დეპუტატ ენზელ მკოიანსაც დავუკავშირდით. იგი ამბობს, რომ მის ძმის შვილს „სათამაშო იარაღი“ ჰქონდა.
„ჩემს ძმის შვილს „სათამაშო“ იარაღი ეჭირა ხელში. არმენ მკოიანი პატარაა და ციხეში ფსიქიკური პრობლემები შეექმნება, სწორედ მაგიტომ შეგროვდა ხელმოწერები,“ – ამბობს დეპუტატი.
ხოლო კითხვაზე თუ რატომ უნდა შექმნოდა მის ძმის შვილს ფსიქიკური პრობლემები ციხეში ყოფნის დროს, დეპუტატი გვპასუხობს:
„მე კი არ ვამბობ, რომ ფსიქიკური პრობლემები შეექმნება ამას ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს. თორემ ციხეში ძალიან კარგი მდგომარეობაა და პირობებიც კარგია.“
ქართული ოცნების დეპუტატსა და პატრიოტთა ალიანსის წევრს შრის მომხდარზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 13 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი შეიცვალა და სასამართლო 18 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს ენზელ მკოიანის მხარდამჭერებსა და მამა-შვილ პეტროსიანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მკოიანი და პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
30 მარტს კი პეტროსიანს და 19 წლის ახალგაზრდა ბიჭს 4-7 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
შსს-ში ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.