ვალეს და სვირის ადმინისტრაციულ ორგანოში ცვლილებებია. ვალეში მერის წარმომადგენელის ელიოზ ბარბლიშვილის ნაცვლად მის პოზიციაზე ალექსანდრე გოზალიშვილი დაინიშნა, ბარბლიშვილის ერთ-ერთ მოადგილეს და სვირის რწმუნებულს კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ, – ინფორმაციას ახალციხის მერიაში გვიდასტურებენ.
ელიოზ ბარბლიშვილი, 2013 წლიდან ჯერ ვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, შემდეგ კი მერის წარმომადგენლის პოზიციაზე მუშობდა.
მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, გარდა ბარბლიშვილისა თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის ერთ-ერთ მოადგილე და მერის წარმომადგენელი სვირის თემში, უჩა ნოზაძე.
ახლად დანიშნული მერის წარმომადგენელი, ალექსანდრე გოზალიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და აპირებს მათ მოგვარებაზე ისაუბროს. თუმცა კონკრეტულად რომელს, არ ასახელებს.
მისივე თქმით, მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში მუშაობის. ასევე გვეუბნება, რომ დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
რაც შეეხება ყოფილ რწმუნებულს, ის გვეუბნება, რომ “ალბათ რამე სხვას შემოთავაზებენ… ჩემთან მიმართებაში თქვეს, რომ პრობლემა ან შენიშვნა არ აქვთ,” – გვპასუხობს ელიოზ ბარბლიშვილი კითხვაზე, თუ რა მიზეზით არ გაუგრძელდა ხელშეკრულება.