წალკაში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ვაქცინირებულთა სტატისტიკა დაბალია

December 30, 2024

რა უნდა ვიცოდეთ პაპილომა ვირუსის შესახებ

პაპილომა ვირუსი ერთ-ერთი საშიში დაავადებაა და მას საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა შესაძლებელი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობის ნდობა დაბალია, რაც დიდწილად ვაქცინაციის მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

სახელმწიფო მოსახლეობას პაპილომა ვირუსის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ის იმუნიზაციის კალენდრითაც არის გათვალისწინებული.

როგორია წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ, და რა იწვევს დაბალ სტატისტიკას რეგიონში? ჩვენ წალკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ვკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია პაპილომა ვირუსის შესახებ, რისგან იცავს ვაქცინაცია და აპირებენ თუ არა აცრას. გამოკითხულთა უმეტესობამ იცის რა არის პაპილომა ვირუსი, თუმცა, ამბობენ, რომ ვაქცინაცია არ სურთ.

ფაქტს, რომ წალკაში პაპილომა ვირუსის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაბალია, გვიდასტურებს წალკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მირაშვილი.

,,ასაცრელი კონტინგენტის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არის 323 ბავშვი, ამ რაოდენობის 5% – ში არის გაკეთებული. ეს ციფრი მოიცავს მხოლოდ გოგონებს, ბიჭებთან ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ხორციელდება სამოქმედო უბანზე. ,პაპილომა ვირუსის მიმართ გვაქვს დაბალი მოცვა, თუმცა, ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვქმნით რაიმე პრობლემას, პირიქით, მუდმივად ვეწევით საგანმანათლებლო კამპანიას, ახლაც გვაქვს შედგენილი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც არის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. ჩვენი ექიმები და ექთნები მუდმივად მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ, მაგრამ მოსახლეობა არის წინააღმდეგი, რატომ აუხსნელია. პაპილომა ვირუსის მიმართ ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო”- ამბობს TOK TV-ისთან მანანა მირაშვილი.

ეს არის ვაქცინა რომელიც იცავს კიბოსგან, – ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

ის ასევე პასუხობს TOK TV – ის შეკითხვებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია როგორც ქალებში ისე მამაკაცებში და რა ასაკშია მიზანშეწონილი აცრა.

მაია ბუწაშვილი: პაპილომა ვირუსი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ და ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ბევრი მითია რომ იწვევს უშვილობას. სინამდვილეში არავითარი მექანიზმი არ არსებობს ამის და უამრავი კვლევაა ჩატარებული. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ცრიან ამ ვაქცინით და უკვე ის თაობაა აცრილი, რომელთაც რეპროდუქციული ასაკი დაუდგათ და მათ შვილოსნობას არაფერი დამუქრებია. გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად მინიმუმამდეა დასული და ერთ-ერთ უსაფრთხო ვაქცინაა. გენდერულ ჭრილში თუ ვისაუბრებთ, ეს ვირუსი მართალია უფრო მეტად აზარალებს ქალებს, საშვილოსნოს ყელის კიბო უფრო ხშირი მოვლენაა, თუმცა, მამაკაცებშიც შეუძლია გამოიწვიო ასოს კიბო.

მამაკაცების დასაცავადაც ეს ვაქცინა საქართველოში უკვე ბიჭებშიც გამოიყენება ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. “

როდის უნდა აიცრან ვაქცინაციით? მაია ბუწაშვილი განმარტავს რომ სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე ეს ვაქცინა უფრო ეფექტურია, რადგან მთლიანად პრევენციას აკეთებს. თუმცა, ვისაც სქესობრივი აქტივობა დაწყებული აქვს, ეს ვაქცინა მაინც მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ასაკში ამ ვაქცინის გაკეთება არის მისაღები. თუმცა, სახელმწიფო პროგრამას გარკვეული ზღვარი აქვს და სამწუხაროდ ფასიანი ვაქცინა ძალიან ძვირია და როცა ამის უფასოდ გაკეთების შესაძლებლობა არსებობს, ამის არგამოყენება არასერიოზულია. “

Tags: