წალკაში, სოფელ კოხტაში ახალაშენებულ სკოლაში შესაძლოა მოსწავლეებმა სწავლა წელსვე შეძლონ – აღნიშნულს წინ მშობლების მოთხოვნა და პროტესტი უძღოდა.
აქციის მონაწილეები დღეს ჩვენ რედაქციას ეუბნებიან, რომ მოსწავლეთა მობილობის პროცესი დაიწყო. იგივეს ადასტურებს წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი.
შეგახსენებთ, სოფელ კოხტაში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა, რომელმაც 11 მაისს აკრედიტაციაც გაიარა, თუმცა მოსწავლეები კვლავაც ვერ მიიღო. მიზეზად კოხტას სკოლის დირექტორი პროცესის შესაძლო ხელოვნურად გაჭიანურებას ასახელებდა.
მშობლები მათი შვილებისთვის ახალაშენებულ სკოლაში სწავლის უფლების მიცემას მოითხოვდნენ, რის გამოც გუშინ აქცია გამართეს.
ჩვენ მეტი სიცხადისთვის განათლების სამინისტროს დღესაც დავუკავშირდით, სადაც გვეუბნებიან, რომ სკოლისგან განცხადება მიიღეს და დამატებითი დეტალი დირექტორისგან უნდა გავიგოთ.
წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ “რამდენიმე მოსწავლეზე შეიქმნა პრობლემა, რადგან ელექტრონულ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი წერის გაუქმება მოუწიათ, რის გამოც მატ განათლების სამინისტროს მიწერეს გაუქმების მოთხოვნით და როგორც კი დასტურს მიიღებენ, მობილობა დასრულდება.”