წალკაში, სოფელ დარაკოვში ცოფის დაფიქსირების შემდეგ, ინფექციის კერიდან 3 კმ.ს რადიუსში კარანტინი დაწესდა – ინფორმაცია საჯარო წესით გამოთხოვის შემდეგ სეს-მა მოგვაწოდა.
უწყების ცნობით, კარანტინი 10 ოქტომბერს დააწესეს და 30 დღე გაგრძელდება.
საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდეს 4 დღის წინ, 17 ოქტომბერს, წალკის ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში. აქ გვითხრეს რომ “კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ ყოფილა.”
რატომ განსხვავდება ორი საჯარო დაწესებულების ინფორმაცია ? – სეს-ში გვეუბნებიან, რომ გადმოგვირეკავენ, ხოლო წალკის ჯანდაცვის ცენტრში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ (მათთან დაკავშირების შემთვევაში, მასალა განახლდება)
რა მოხდა
13 ოქტომბერს, წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მელამ ძაღლი დაკბინა, რის შემდეგაც ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
ძაღლი მელამ დაკბინა – ცოფის შემთხვევა წალკაში
სეს-ი საჯარო ინფორმაციაში მიუთითებს, რომ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს “დაავადების ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველის იძულებით ვაქცინაცია, ამ დროისთვის კი 900-მდე ცხოველია ვაქცინირებული.”
სეს-ში მიუთითებენ, რომ წალკაში ამ ეტაპზე ცოფის გამოვლენის სხვა ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამავე წყაროს ცნობით, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მიმდინარეობს ზედამხედველობა.
წალკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, 17 ოქტომბერს გვითხრეს, რომ პროფილაქტიკის მიზნით, აცრას იკეთებენ დაავადებული ძაღლის მეპატრონეებიც.