2022-24 წლებში, წალკის მერიამ, 137 მუნიციპალური უძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გარეშე გააქირავა და ჯამში 570 000-ზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო,- კვლევას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
კვლევის მიხევდით, წალკასთან ერთად საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებმა ჯამში 215 უძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გააქირავეს ისე, რომ გადაწყვეტილება სათანადოდ არ დაუსაბუთებიათ. შედეგად, აუდიტის მიხედვით, ამ ხერხის გამოყენებით მათ შეზღუდეს კონკურენცია და დაკარგეს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია მუნიციპალური უძრავი ქონების იჯარით გაცემამდე, მუნიციპალიტეტებმა გამოაცხადონ ელექტრონული ან საჯარო აუქციონი და იმ პირს მიანიჭონ უპირატესობა, რომელიც აუქციონზე ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წალკის მერიას უძრავი ქონების გაქირავებისთვის არანაირი სახის აუქციონი არ გამოუცხადებია.
რატომ არ გამოაცხადა აუქციონი მუნიციპალიტეტმა უძრავი ქონების გაქირავებამდე? – უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მათგან პასუხის მიღების შესაბამისად, შინაარსს აუდიტორიასაც ვაცნობებთ.
ასევე, ჩვენ უწყებიდან ველოდებით ინფორმაციის მიღებას თუ რა ტიპის უძრავი ქონება გააქირავა პირდაპირი წესით მუნიციპალიტეტმა, რა დანიშნულებით გამოიყენება ისინი და ვის მიაქირავა ქონება.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.