წალკის სოფელ არწივანის სკოლიდან სპეციალური მასწავლებელი გაათავისუფლეს – იგი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს

February 20, 2026

წალკის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს 9 წლის განმავლობაში ასწავლიდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავთ. 

მაყვალა ჯიმშერაძე გვიყვება, რომ გათავისუფლების ბრძანება 8 იანვრით თარიღდება, თუმცა თავად, დოკუმენტი მხოლოდ სამი დღის წინ, 16 თებერვალს მიიღო, მანამდე კი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია. გვეუბნება, რომ ფაქტობრივად ერთი თვის წინ გათავისუფლებული იყო, თუმცა სკოლაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. მასწავლებელი გათავისუფლების მიზეზის განმარტებას, სამსახურში აღდგენას და იანვარში გაწეული შრომის ანაზღაურებას ითხოვს.

“გასაჩივრება მინდა ამ განცხადების, რადგან საქმის კურსში არ ვიყავი. მე სკოლას არასდროს არ ვუღალატებ, ეს ღირსების საკითხია. სამსახურში აღდგენას ვითხოვ,” – გვეუბნება ჯიმშერაძე.

“2016 წელს გავხდი სპეციალური პედაგოგი. 2019 წელში ჩავაბარე და მივიღე შესაბამისი კომპეტენცია. 2026 წელს რეფორმის შედეგად, 1 იანვარს ჩემი სპეციალური პედაგოგიკის სტატუსი შეწყდა. მე მხოლოდ ვაკანსიის გამოცხადების შესახებ ვიცოდი, ხოლო ოფიციალური ბრძანება დაგვიანებით 16 თებერვალს გამომიგზავნეს. ჩემი მრავალ წლიანი გამოცდილება, საგნობრივი კომპეტენცია და სპეციალური პედაგოგის უნარები დამტკიცებულია პრაქტიკაში. სამართლიანობას ვითხოვ: ჩემი 2019 წელში ჩაბარებული კომპეტენციის აღიარებას; თუ გამოცდას ითხოვენ, ის არ უნდა დაიკარგოს,” – გვეუბნება ჯიმშერაძე

ჯიმშერაძეს ვკითხეთ თუ რა იყო მისი გათავისუფლების მოტივი. იგი გვიყვება: “პასუხი ჩანს ბრძანებაში უშინაარსოდ დაწერეს ბრძანება სრული კანონის დარღვევით ალბათ მოვატყუებთ და ვერ გაიგებსო ეს ასეა.”

ბრძანებაში წერია, რომ ჯიმშერაძე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს.

რა მიზეზით გაათავისუფლეს და არ ჩაერიცხა კუთვნილი ხელფასი მასწავლებელს? – ამ კითხვით ჩვენ სკოლის დირექტორს, ნანა დვალიძეს, პირველად 11 თებერვალს დავუკავშირდით, მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ აღარ გვპასუხობს. 

ჩვენს კითხვებს თავს არიდებს წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არსენ ჯმუხაძე და სკოლის ადმინისტრაციაში გვამისამართებს. 

პასუხებს მისაღებად ჩვენ საჯარო ინფორმაციის მიღების წესით  განათლების სამინისტროსაც მივმართეთ.

გათავისუფლებული პედაგოგი ამბობს, რომ სკოლამ მისი მოხსნის ფონზე  სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიაც გამოაცხადა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, სკოლამ სპეციალური მასწავლებლის შესარჩევად კონკურსი 21 იანვარს გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, 2 თებერვალს უკვე ახალ მასწავლებელს უნდა დაეწყო მუშაობა. ჰყავთ თუ არა ახალი მასწავლებელი არწივანის სკოლაში ? – დირექტორმა არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

მაყვალა ჯიმშერაძე წალკის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, სსსმ ბავშვებს 9 წელი ასწავლიდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლაში ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი ჰყავთ.