წალკის სოფელ სამების სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, მერიამ 50 000-ზე მეტ ლარზე გამარტივებული შესყიდვა გააფორმა

January 30, 2026

წალკის სოფელ სამების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, მერიამ შპს “ერა 24”- თან გამარტივებული შესყიდვა, 50 000-ზე მეტ ლარზე გააფორმა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

რატომ გახდა გამარტივებული შესყიდვის საჭიროება? – მაშინ, როდესაც “გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” ბრძანების მეორე მუხლის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა ნებადართულია მხოლოდ 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვაზე. გარდა, გამონაკლისებისა (გადაუდებელი საჭიროება ან ექსკლუზიური უფლებამოსილება) 

ამ კითხვის წალკის მერიას დავუკავშირდით, – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ წერილობით მიგვემართა. ჩვენ უწყებას საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით წერილი უკვე გავუგზავნეთ. 

რაც შეეხება სკოლის რეაბილიტაციას. ხელშეკრულება მერიამ შპს “ერა 24”-თან 2025 წლის 26 დეკემბერს გააფორმა.

კომპანიაში გვეუბნებიან, რომ სამუშაოების ნაწილი შეასრულეს და პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს 2 კვირაში დაასრულებენ.