წალკაში N1 სკოლის რეაბილიტაცია სასწავლო წლის განახლებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო
რატომ არ მოხერხდა სკოლის რეაბილიტაცია საზაფხულო არდადეგებზე?
მოსწავლეები მეორე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გადაიყვანეს
მშობლები მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
წალკის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, შესაბამისად ამ სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია. სკოლის მოსწავლეები, წალკის მეორე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.
როგორც მოსწავლეების მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, მათ ტრანსპორტი არ ემსახურებათ, რაც მათივე შეფასებით, მოსწავლეებს ართულებს განათლების მიღებას.
იგეგმება თუ არა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფა და როდის? – კითხვებით N1 საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა ბერიანიძეს დავუკავშირდით. მან ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრა, ხოლო ტელეფონზე საუბრისას თქვა, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტის მერიასთან, მზადდება ხელშეკრულებები და რამდენიმე დღეში მოსწავლეებისთვის დამატებითი ტრანსპორტი გამოიყოფა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტრანსპორტი მოემსახურება სკოლიდან დაშორებით მცხოვრებ მოსწავლეებს.
რაც შეეხება სკოლის რეაბილიტაციას, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 6 მილიონ ლარამდეა, რომელსაც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. კონკრეტულად რა თანხაა გამოყოფილი და რომელი კომპანია ახორციელებს სამუშაოებს? – სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
რატომ არ მოხერხდა სკოლის რეაბილიტაცია საზაფხულო არდადეგებზე? იქედან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი ორი კვირაა რაც დაიწყო, რატომ ვერ დაორგანიზდა მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფა და როდის იგეგმება? – კითხვით განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს რომ მოიკითხავენ.
სკოლის დირექტორის, მარინა ბერიანიძე კი გვეუბნება, რომ რეაბილიტაცია მაისში იგეგმებოდა, თუმცა მოსამზადებელი ეტაპების, მათ შორის ხელშეკრულებების გაფორმებიდან გამომდინარე “შეგვიანდა”.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, ქალაქ წალკაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 1 მილიარდ ლარიანი , 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს.