წითელას ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში

April 16, 2025

წითელას ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე თვეში

ამ სიუჟეტიდან გაიგებთ:
როგორი ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებში;
რა არის წითელას ვირუსი;
როგორ ავიცილოთ ინფიცირება თავიდან.

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

წითელას ვირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე თვეში, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.უწყებაში ჩვენს რედაქციას ეუბნებიან, რომ აკვირდებიან კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც სავარაუდოდ წითელას ვირუსი აქვთ.

მათივე ცნობით, ინფიცირებულებთა უმეტესობა ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ თბილისში ყოფნის დროს დაინფიცირდა, შემდგომ კი ოჯახის წევრებს გადაედო. 

რამდენ პირს დაუდასტურდა წითელა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს? – ჩვენი რედაქცია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ წელს, წითელას ვირუსის მაჩვენებელი გაზრდილია, განსაკუთრებით კი – თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში.

როგორც ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან ინტერვიუში განაცხადა, 2025 წელს, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოში წითელას ვირუსით ჯამში 142 პირი დაინფიცირდა.

მისივე განმარტებით, ინფიცირების მატების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა და გეგმური აცრების ხარვეზებია.

როგორც ჩვენმა რედაქციამ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებისგან გაარკვია, ჩვენს რეგიონში მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტია, სადაც წელს წითელა დაფიქსირდა. 

რა არის წითელას ვირუსი და როგორ ავიცილოთ თავიდან? – ვკითხეთ ინფექციონისტს.

ივანე ჩხაიძის თქმით, 2022 წელს, საქართველოში წითელათი ინფიცირების 14 შემთხვევა იყო ოფიციალურად დადასტურებული, 2023 წელს – 26 და 2024 წელს – 337.