ავტორი : ქეთევან ბოლქვაძე
თარიღი: 02.03.2022
სკოლის ეზოს შემოღობვა და გარე ტრენაჟორების განთავსება, სპორტდარბაზის გარემონტება და ინვენტარით აღჭურვა – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის მოსახლეობა სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებაზე ამ საჭიროებებზე საუბრობს.
კრებას ესწრებოდა ციცინო გობაძეც, რომელიც გვიყვება მსვლელობის დროს თანასოფლელების მიერ დასახელებული სხვა საკითხების შესახებაც, მათ შორის იყო სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვაც. რესპონდენტი გვეუბნება, რომ ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს უკანასკნელი ინიციატივა დაკმაყოფილდა. მასთან ერთად ასევე გადაწყდა, რომ შემოიღობება სკოლის ტერიტორიაც.
აღნიშნული შეხვედრა სოფელ გუმბათში პირველი მარტისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც წალკის ლაგის წარმომადგენელი ირა ძირკვაძე გვეუბნება თარიღი შეიცვალა და შეხვედრა 28 თებერვალს ჩატარდა. მისივე თქმით, ამ მიზეზით მოსახლეობის ნაწილმა მასზე დასწრება ვერ შეძლო.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის ჯამური ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 572 ათას ლარს შეადგენს. თითო სოფელზე მინიმუმ 5 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაქსიმალური ბიუჯეტი 20 ათასი ლარს შეადგენს.
წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვალს დაიწყო და დღეს სრულდება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი საკითხი: სოფლის გარე განათების მოწყობა, წისქვილის შეძენა და მონტაჟი.
მერის ინფორმაციით, ასევე ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა დაზიანებული წყლის მილების შეცვლას ითხოვს, რიგ სოფლებში კი არსებული ამბულატორიების შეკეთება და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა მოითხოვა.