“ჭიაკოკონობას” ნარჩენების დაწვის შემთხვევაში 500-1500 ლარამდე დაჯარიმდებით – გზდ

April 15, 2025

“ჭიაკოკონობას” უსაფრთხო მუნიციპალური ნარჩენების, ღია წესით დაწვის შემთხვევაში 500-1500 ლარამდე დაჯარიმდებით, – ამის შესახებ ინფორმაციას, “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი” ავრცელებს.

“რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე წყაროს ცნობით, ფოთლების და სხვა მსგავსი ნარჩენების დაწვისთვის ჯარიმა 500 ლარია, ხოლო საბურავების და რეზინის სხვა ნარჩენების დაწვისთვის – 1 500 ლარი გათვალისწინებული. 

ორიოდე სიტყვა “ჭიაკოკონობის” შესახებ: სპეციალისტების შეფასებით, ეს რიტუალი დაკავშირებულია იმ პერიოდთან, როდესაც ქართველები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. ხოლო, უშუალოდ რიტუალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცოდვებისგან გაწმენდასთან რადგან ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ცეცხლზე სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გადამხტარიყვნენ და თან ეძახათ: “არი-ურული-ურულუ-ურული კუდიანებსა…” – ეს ტრადიცია ქართველებში დღემდეა შემორჩენილი.