ხაინდრავას ტყუილი: იყო კომაში ახლა აღარ არის – ხაინდრავა აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭზე

December 7, 2024

 გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია იმედის მაყურებელს ატყუებს, რომ 3 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებული პირი, რომელიც ამ დრომდე კომაში რჩება, თითქოსდა უკეთაა და  კომაში აღარ არის. 

– ის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოში წევს, რომელიც ტყუილია (ამბობს ხაინდრავა)
– არა იყო ნამდვილად, ხელოვნურ კომაში (
უსწორებს ჟურნალისტი)
– იყო კომაში ახლა არ არის
(ამბობს ხაინდრავა) 

რა ხდება რეალურად? 

3 დეკემბერს აქციის დაშლისას დაშავებული 22 წლის ბიჭი, ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის “მედიკამეტოზურ ძილში” ამ დრომდე რჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.

ინგოროყვას კლინიკის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მეტს ვერაფერს გვეტყვის და ვიხელმძღვანელოთ  მათ Facebook გვერდზე ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით.

5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელზეც მიგვითითებენ წერია: “დღეის მდგომარეობით, პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.”

_____

“ისევ სტაბილურად მძიმედაა, ისევ იგივე მდგომარეობაშია, ერთადერთი ძილის წამალი შეუწყვიტეს. ხელოვნური კომიდან არ გამოსულა, წამალი ისევ ორგანიზმშია და დრო სჭირდება,” – აღნიშნული ჩვენს რედაქციას, დაშავებულის მამიდამ დღეს უთხრა.

მისივე თქმით, “ალექსანდრე ხელოვნურადაა დაძინებული, თვითონ კომაში არ ჩავარდნილა. ტვინი შეშუპებული აქვს და  დატვირთვა რომ არ მოხდეს ამის გამო დააძინეს ხელოვნურად.”

3 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საჭიროებს შემთხვევაში დაშავებულის საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს და იქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.

28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებს. აღნიშნულს მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მას შემდეგ თბილისში და რეგიონებში უწყვეტი აქცია იმართება. 

აქციას წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შლიან. დაკავებული და სასტიკად ნაცემია ორასამდე ადამიანი. დაზუსტებული ჯამური მონაცემები სახელმწიფო უწყებებისაგან ამ დრომდე არ არსებობს. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ გუშინ, 6 დეკემბერს აქციიდან კლინიკაში აქციის ცხრა მონაწილე გადაიყვანეს, რომლებსაც გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. 

მათივე ინფორმაციით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.