ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება” – განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც “დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.”
მიუხედავად ამ განცხადებისა, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი გვეუბნება რომ საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ.
ამაღლობელის თქმით, ადვოკატებმა მაშინვე მიმართეს პროკურატურას კითხვით, (რაც მათ საქმის მასალებზე წვდომა აეკრძალათ) თუ რატომ არ მისცეს საქმის გაცნობის უფლება ადვოკატებს, რის შემდეგაც “დადგენილება მთავარმა პროკურორმა უკანონოდ მიიჩნია და გააუქმა.”
პროკურატურას პოზიცია
როდის გადასცემს პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალებს? საგამოძიებო უწყებაში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
საქართველოს პროკურატურას არგუმენტით გარდაცვლილი მედდის ოჯახს და ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდათ იმ მიზეზის გამო, რომ შესაძლოა მომხდარიყო მასალების გასაჯაროება, მოწმეზე ზემოქმედება, დაშინება, ნივთმტკიცების განადგურება, ყალბი მტკიცებულებების შექმნა და საგამოძიებო პროცესზე ხელის შეშლა.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხის კლინიკა “იმედში” ახალგაზრდა მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას”(შემდგომში „ვაქსზევრიად” წოდებული) ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და 19 მარტს გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია იყო თუ არა ექთნის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა
ფოტო: მედიაცენტრი მთავარი