ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე გვეუბნება, რომ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ მისი საჩივარი ერთ-ერთ უბანზე დისბალანსის შესახებ არ განიხილა. უჩიძის თქმით, მას მინდობილობა არ ჰქონდა წარდგენილი რაც ოლქში უარის მოტივად დაასახელეს.
“ვფიქრობ, რომ საეჭვო უბნებზე ხმების გადათვლა ბევრ შეკითხვას მოხსნიდა და პროცესს საარჩევნო კომისიების მიმართ უფრო სანდოს გახდიდა. მინდობილობა არ გვქონდა წარდგენილი და ამიტომ აღარ განიხილეს. იგივე მიზეზით, სხვა ოლქებშიც დატოვეს საჩივრები განუხილველი. ახალციხის საოლქო კომისია არ არის ერთადერთი გამონაკლისი ამ კუთხით,” – გვითხრა თამუნა უჩიძემ.
მისივე თქმით, ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე დაწერილ მისივე საჩივარს “რა ბედი ეწია უცნობია.”
“უბნის ზედამხედველი კონვერტებს ახსნევინებდა თითქმის ყველას და ამოწმებდა თუ ვინ შემოხაზა. ამაზე საჩივარი დავწერე თუმცა არავინ შემომხმიანებია და რა ბედი ეწია უცნობია.”
კიდევ რამდენი საჩივარი არ განიხილეს ოლქში და რა არის ამის მიზეზი? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ჩვენ ვცდილობდით საკუთრივ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისგან, თუმცა თეა გავაშელი ზარებს არ პასუხობს.