“ახალქალაქიდან უფასო კონცერტზე იწვევენ სტუდენტებს” – რამდენად ხდება სჯსუს-ს სტუდენტების მობილიზება “ოცნების” ღონისძიებისთვის

September 8, 2024

“ახალქალაქიდან უფასო კონცერტზე იწვევენ სტუდენტებს” – რამდენად ხდება სჯსუს-ს სტუდენტების მობილიზება “ოცნების” ღონისძიებისთვის

“ახალქალაქიდან უფასო კონცერტზე იწვევენ სტუდენტებს” – რამდენად ხდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მობილიზება “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასასწრებად? – ამის შესახებ კითხვები ჩვენს რედაქციას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე Facebook ჯგუფში სტუდენტებმა დაწერეს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები 8 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე სტუდენტების მობილიზებას ახდენდნენ და ქმნიდნენ სპეციალურ სიებს.


“უნივერსიტეტი უფასო კონცერტისთვის იწვევს ახალქალაქიდან. ამბობენ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – წერენ უნივერსიტეტის ჯგუფში.

მათ შორის ერთ-ერთია, მოქალაქე ელენე დალალიშვილი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია სადაც საუბარია იმაზეც, რომ თუ არასაპატიო მიზეზით სტუდენტი ღონისძიებას არ დაესწრება, ქულებზე აისახება.

“ეუბნებიან კონკრეტული ლექტორები (შეგნებულად არ ჩამოვთვლით სახელებით და გვარებით ძალიან კარგად მიხვდებით ისეც) რომ ეპატიჟებიან ამ ,,გრანდიოზულ” კონცერტზე, რომ გაკეთდეს სია შემდეგი მონაცემებით : სახელი, გვარი, პირადი ნომერი დაა რომ მნიშვნელოვანია დასწრება და თუ არ ან ვერ (გარკვეული საპატიო მიზეზების გამო) მივლენ ეს სამომავლოდ აესახებათ ქულებზე და კიდევ ძალიან ბევრს დაკარგავენ!” – წერს დალალიშვილი.

დავუბრუნდეთ პირველ წინადადებაში დასმულ შეკითხვას. გვსურდა ეს კითხვა საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისთვის, მაკა ბერიძისთვის დაგვესვა, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, ხოლო “სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, რომ ამის შესახებ მას არ სმენია.

ჩვენ ასევე ვცდილობთ სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებას.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ახალციხეში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში. ღონისძიება გაიმართება. ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტებიდან და სოფლებიდან ხალხის მობილიზება მიმდინარეობს.

ღონისძიებისთვის ახალციხეში, ცენტრალური ქუჩა სამი დღით ადრე გადაკეტეს, ხოლო ენმ-ს დროს დადგმული ქუჩის საათი აიღეს და მის ადგილას სცენა გამართეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ საათი, რომელიც წლებია ერთ დროს აჩვენებს შესაკეთებლად მაინც და მაინც “ოცნების” ღონისძიების დროს აიღეს.