ქალაქ ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში მომხდარი ხანძრის გამო, ერთი ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, ხოლო ორ ოჯახს, ალტერნატიული ბინის ქირაობისთვის, ახალციხის მერიისთვის მიმართული აქვს, – ინფორმაციას ახალციხის მერია გვაწვდის.
საუბარია, მეორე შახტში არსებულ ავარიულ კორპუსზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა და სახურავის ნაწილი.
“ალტერნატიული საცხოვრებელი არ გვაქვს” – ხანძრის შედეგები მეორე შახტში
როდის გადაიყვანენ ოჯახებს ალტერნატიულ ბინაში? – მერიაში დროს არ გვიზუსტებენ და ამბობენ, რომ მიმდინარეობს განცხადებების განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით იძიებს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა. ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსი უკვე წლებია ავარიულია.
მეორე შახტის დასახლებაში, 24 დაზიანებულ კორპუსში 100-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. ისინი უკვე წლებია ითხოვენ შენობების რეაბილიტაციას.
კორპუსების შეკეთების და ხალხის უსაფრთხოდ განთავსების პირობას 2012 წლიდან “ქართული ოცნებაც” დებდა. პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია.