როგორ გავარკვიოთ რა არის რეალური და რა ტყუილი – პრაქტიკული რჩევები

September 18, 2024

ალბათ, სოციალურ ქსელში ხშირად შეგხვედრიათ სტატიები, სენსაციური სათაურებით, რაც ამ ბმულზე გადასვლის საფუძველი გამხდარა. ან ფოტო მიმზიდველი, დამაინტრიგებელი გამოსახულებით, თუმცა ბმულის გახსნის შედეგად სულ სხვა რამ დაგხვედრიათ? – ვფიქრობთ მსგავსი რამ ერთხელ მაინც შეგმთხვევიათ, რადგან დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემქმნელებმა კარგად იციან თუ რა მეთოდებით მოატყუონ, შეიტყუონ და შეცდომაში შეიყვანონ ხალხი. 

დეზინფორმაციის გამოკვლევასა და მასთან ბრძოლაზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა სამუშაო არ მცირდება, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო რთულდება პროპაგანდის ამოცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიდეო თუ ფოტო მასალა ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. 

თუმცა, ყველაფერი არც ისე უნაკლოდ გამოიყურება და არსებობს ხერხები იმისა თუ რა დეტალებს უნდა დავაკვირდეთ იმ შემთხვევაში თუ ფოტო ან ვიდეო საეჭვოდ მოგვეჩვენება, ხოლო მათზე ასახული მოვლენა – არარეალური. 

როგორ გავარკვიოთ სიმართლე სიყალბისგან, რა ხერხების გამოყენებით იქმნება სენსაციური შინაარსი აუდიტორიაში დაბნეულობის გამოსაწვევად – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე და თსუ-ს პროფესორი, ნათია კუპრაშვილი გვესაუბრება.

პრაქტიკული რჩევები

როგორც გავარჩიოთ ყალბი ამბავი რეალურისგან? – ძირითადად ყალბი ამბავი მოიცავს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ან გამიზნულ ტყუილებს, ხანდახან სიმართლესთან შერეულს. მსგავს შემთხვევებში თითქმის ვერ ნახავთ ფაქტის დამადასტურებლად მოყვანილ წყაროებს. ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ საიტებზე არ იძებნება და ინფორმაცია, რომელიც ფაქტების ნაცვლად ემოციებს ეყრდნობა. 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის რომ ნაკლებად გახდეთ არასწორი შინაარსის მსხვერპლი და საკუთრივ თქვენც არ გაავრცელოთ დამაზიანებელი ინფორმაცია. 

ინფორმაციის მიღებისას დააკვირდით იმას თუ ვინ ავრცელებს მას, რამდენად არის იგი რეალური მედია და რას ეყრდნობა მასალაში მოყვანილი ფაქტები;

შეამოწმეთ ინფორმაციის წყარო, თუ მასალაში ფაქტის დამადასტურებლად მოყვანილია კონკრეტული წყარო გადაამოწმეთ მისი ავთენტურობა. თუ ეს ამბავი უცნობი წყაროდან მოდის შეამოწმეთ ვებ-მისამართი და დომენები. შეამოწმეთ კომპანიის სახელის ნებისმიერი ორთოგრაფიული შეცდომა URL მისამართში.

ავტორი – როგორც წესი, მედია პროდუქტს, რომლის რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მზადდება ჰყავს ავტორი, რომელიც სტატიის თავში ან ბოლოშია მითითებულია. თუ ასე არ არის გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი შევიტანოთ. 

ფოტო – ფოტო და ვიდეო მასალა ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ფოტო არასწორი კონტექსტითაა გაზიარებული, ან სხვა მოვლენას ასახავს ანდაც ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. გადამოწმებისათვის შეგვიძლია Google Image search გამოიყენოთ. 

ხუმრობა/სატირა – ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მედია პროდუქტი იყოს სატირული შინაარსის, თუმცა გადაზიარებული როგორც რეალური ამბავი. შესაბამისად შეამოწმეთ ვებგვერდი, რომ ნახოთ, მუდმივად აქვეყნებენ თუ არა სასაცილო ისტორიებს, არიან თუ არა ცნობილი სატირებით.

დაფინანსება – ხშირად სოციალურ ქსელში შეგხვდებათ სხვადასხვა გვერდი, რომელიც გამოწერილი არ გაქვთ, ეს იმიტომ, რომ მასალა დაფინანსებულია – დააკვირდით დაფინანსების წყაროს. 

რჩევები აღებულია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართული ორგანიზაციებიდან, რომლებიც დეზინფორმაციის მოკვლევასა და გადამოწმებაზე მუშაობენ, ისეთი, როგორიცაა “მითების დეტექტორი”, “გრასი” და “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი”.

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით.